სათაურებიხუტბა

„ადამიანის უფლებების
შელახვა — ჯოჯოხეთის
ცეცხლოვანი სამოსია“

ძვირფასო მუსლიმებო!
ერთ დღეს, შუამავალმა მუჰამმადმა (ს.ა.ს.) საჰაბეებს ჰკითხა:
— „იცით, ვინ არის მუფლისი (ნამდვილი გაკოტრებული)?“

საჰაბებმა უპასუხეს: „ის, ვინც ქონებას დაკარგავს, ვინც გაკოტრდება.“

ამაზე ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„ანგარიშსწორების დღეს ადამიანი წარსდგება ლოცვით, მარხვითა და ზექათით. მაგრამ ამქვეყნად მან შეურაცხყო ერთი, სხვას ცილი დასწამა, სხვისი ქონება მიითვისა, ვიღაცის სისხლი დაღვარა, ვინმეს სცემა. ამ დარღვევების სანაცვლოდ მისი კეთილი საქმეები გადაეცემა მათ, ვისი უფლებებიც მან დაარღვია. თუ სიკეთეები ამოიწურება, ანგარიშგება გაგრძელდება მანამ, სანამ დაზარალებულთა ცოდვებს არ იტვირთავს და შემდეგ ჯოჯოხეთში განწესდება. აი, ეს არის ნამდვილი მუფლისი, ანუ გაკოტრებული.“ (მუსლიმი, ბირრი, 59)

ძვირფასო მორწმუნეებო!
ოჯახში, საზოგადოებაში და მთელ სამყაროში არსებული ბოროტებების წყარო არის ადამიანის უფლების დარღვევა. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს ხდება ჩვევით, ზოგჯერ უყურადღებობით და უგუნურებით, ზოგჯერ კი განზრახ. სიცოცხლის, რელიგიის, ქონების, გონების და შთამომავლობის დაცვა — ისლამის ყველაზე ძირითადი საფუძვლებია. ეს უფლებები ალლაჰის წიაღ წმინდა და ხელშეუხებელია. მათი დარღვევა კი — მძიმე ცოდვაა, დიდი უსამართლობა და ადამიანის უფლების შელახვაა.

მუსლიმო ძმებო და დებო!
ყველაზე დიდი ადამიანის უფლების დარღვევა არის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. სამწუხაროდ, დღეს პალესტინაში ბოროტმოქმედები მთელი მსოფლიოს თვალწინ ამ დიდ ცოდვას და დანაშაულს აგრძელებენ. ამ თემაზე უზენაესი ალლაჰის გაფრთხილება ძალიან მკაფიოა:

„და ვინც მორწმუნეს მოკლავს განზრახ, ჯოჯოხეთია მისი საზღაური, სადაც დარჩება მუდმივად. განურისხდა მას ალლაჰი და დაწყევლა იგი და გაუმზადა მას სასჯელი საშინელი!“ (სურა ნისა, 4/93)

ჩვენი ვალდებულებაა, რომ პირველ რიგში ღაზას სექტორში და მთელ მსოფლიოში არსებულ უსამართლოებების წინაშე არ დავდუმდეთ, დავეხმაროთ ჩაგრულებს როგორც მატერიალურად, ისე სულიერად.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ურთიერთ თანხმობის გარეშე, ყოვლად დიადი ალლაჰის მიერ დადგენილი მემკვიდრეობის წილის შეცვლა ღვთაებრივი სამართლიანობის წინააღმდეგაა. ამიტომ, მამის მხრიდან ქალიშვილების მემკვიდრეობიდან ჩამოშორება, ან ქალიშვილის მხრიდან ალლაჰის განსაზღვრული წილის მიუღებლობა — ადამიანის უფლების შელახვაა. მიწის საზღვრების შეცვლა და სხვისი ქონების მითვისება, უსაფუძვლო ბრალდებებით სხვისი ქონების ხელში ჩაგდება, ცრუ განცხადებებით ადამიანების დაზარალება — ეს ყველაფერი ცეცხლოვანი სამოსის ტარებაა. როგორც შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა: არავინ მიითვისოს ერთი მტკაველი მიწაც კი, რომელიც მას არ ეკუთვნის! თუკი მიითვისებს, ანგარიშსწორების დღეს ალლაჰი მას კისერზე შვიდ შრე მიწას შემოახვევს.“ (მუსლიმი, მუსაყათი, 137)

ძვირფასო მუსლიმებო!
ადამიანის უფლების შელახვაა ასევე — ნაცნობობის გამო უპირატესობის მინიჭება და დასაქმებულთა შორის უსამართლო დამოკიდებულება. დამსაქმებლის მხრიდან — მუშაკისთვის ხელფასის დაგვიანებით ან არასრული გადახდა, ზედმეტი სამუშაოს დაკისრება, დაუცველად დასაქმება — ცოდვაა. ასევე, მუშაკის მხრიდან — დამსაქმებლის ქონების დაზიანება, სამუშაო საათების დაუცველობა, ავადმყოფობის გარეშე ცრუ ბიულეტენის აღება — ადამიანის უფლების შელახვაა.

უსაფრთხოების შემოწმების გარეშე შენობის აშენება, სამშენებლო მასალის მითვისება ან უხარისხო მასალის გამოყენება — მოტყუება და ადამიანის უფლებების შელახვაა. უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ მგზავრს, თანამემამულეებთან შედარებით, განსხვავებული ფასის შეთავაზება ან მათი უცოდინრობის გამოყენებით მოტყუება — ადამიანის უფლებების შელახვაა

ძვირფასო მორწმუნეებო!
რომელი დარგიც არ უნდა იყოს, მწარმოებლის საქონლის დაბალ ფასად შეძენა და შემდეგ ზედმეტ ფასად გაყიდვა, პროდუქტის ვადის გასაგრძელებლად მავნე ნივთიერებების დამატება, ვადაგასული პროდუქტების გაყიდვა — ადამიანების უფლების შელახვა და მძიმე ცოდვაა. მარაგის გადამალვა და ხელოვნურად ფასების წამოწევა, წონისა და ზომის გაყალბება, წუნიანი საქონლის წუნის დამალვა — ადამიანის უფლების დარღვევაა და ჰარამია. შუამავალის (ს.ა.ს.) ხომ ვრძანებს: مَنْ غَشَّنَا فَلَيْسَ مِنَّا  „ვინც ჩვენ მოგვატყუებს, ჩვენგან არ არის.“ (მუსლიმი, იმანი, 164)

ასევე, საზოგადოებრივი სივრცის — ქუჩებისა და ტროტუარების — პირადი სარგებლისთვის დაკავება, ადამიანების გადაადგილების შეფერხება, სოციალური მედიით ცრუ ინფორმაციის გავრცელება, ცილისწამება და ადამიანების ღირსების შელახვა — უფლებების დარღვევაა. მუსლიმანთათვის შესაფერისია მხოლოდ ჰალალით დაკმაყოფილება და ჰარამისგან განდგომა.

ძვირფასო მუსლიმებო!
ადამიანის უფლებების ცნობიერება ოჯახში იწყება, რაც განათლებასა და სულიერ ცნობიერებაზე დგას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ადამიანის უფლება — ანგარიშსწორების დღის ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობაა. უფლებების მფლობელთან ჰალალობის აღების და მისი მატერიალური თუ სულიერი ზარალის ანაზღაურების გარეშე, საიქიოს მწარე სატანჯველიდან ხსნა არ იქნება.

ხუტბა მინდა დავასრულო სურა ბაყარას 281-ე აიათის მნიშვნელობით:

უფრთხილდით იმ დღეს, როცა იქნებით დაბრუნებულნი ალლაჰთან. მაშინ სრულად მიეგება ყველა სულს იმისთვის, რაც კი მოუხვეჭია და არ დაიჩაგრება არავინ.“

Comment here