Genelსათაურები

ჰოი, სიკვდილო…!

ჰოი, სიკვდილო…!
მოულოდნელად მოხვალ, ერთ დღეს, ვიცი…

კარებზე არც დააკაკუნებ, ისე უჩუმრად შემოიპარვი შიგნით.  გასაკეთებელ საქმეს, ღუმელზე საჭმელს, გვერდით მეუღლეს, თვალებზე ცრემლებს არც კი შეხედავ, ისე პირდაპირ მოხვალ. არავითარი გაფრთხილება, არც მოპატიჟებაზე ლოდინი…

ჯერ ხომ მთელი სამყაროა ჩემში. ჯერ ხომ ჩემი სურვილები თავის ზენიტშია. ჯერ ხომ არცერთი საქმე არ დამიმთავრებია! შენ კი ასე მოულოდნელად მოდიხარ. მე ჯერ ამისთვის მზადაც არ ვიყავი, იმედები კი მრავლად მქონდა. ვინ იცის, შენ რომ მოხვალ, მშიერი ვიქნები თუ მწყურვალი.

„ცოტა მოიცადე“, „ცოტა კიდევ მაცალე“, „ცოტა რომ დაგეგვიანა“… ამასაც ვერ გეტყვი, ისე მოხვალ. ვერც ჩანთები ჩავალაგე, ვერც წამოსასვლელად მოვემზადე… შენ კი გამომეცხადები. იქნებ, ვერც ბავშვებს ვნახავ, ვეღარ ვაკოცებ უკანასკნელად… ანდერძი მაინც დამეტოვებინა… შენ მოხვალ ისე, რომ უკანასკნელ სიტყვასაც ვერ ვიტყვი.

შენ ასე მოდიხარ. არც ნებართვას ითხოვ, არც ასაკს უყურებ… უკანასკნელი ლუკმის შეჭმამდე მოხვალ…

ეს შენ ხარ, რომელიც დედებს შვილების გარეშე, ვაჟკაცებს უსიყვარულოდ, ბავშვებს უდედმამოდ ტოვებ…

შენს გამო რამდენ ადამიანს სახეზე ღიმილი შეაცივდება… შენს გამო რჩება ღიმილი დაუმთავრებელი… შენგან დატოვებული ტკივილები ძალიან ღრმაა. ყოველ შენს გახსენებაზე ნათლად ვგრძნობ, რაოდენ წვრილია ძაფი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის..

შენ ყველაგან დადიხარ, მაგრამ არსად მოგელიან. შენ არავისთვის ხარ სასურველი სტუმარი.

შენ სულ ჩანხარ, მაგრამ არავის ახსოვხარ!

ვიცი, უეცრად მოხვალ, ერთ დღეს…

მოულოდნელად!…

ყველაფრის მიუხედავად მოხვალ. ჩვენი გულმავიწყობის, ჩვენი ცდუნებების, ჩვენი გამოცდილების, ყველა პირობისა და გარემოების მიუხედავად მოხვალ…

ყველაფერს წაიღებ… რაც დამიწყია, რაც დამისრულებია, ყველაფერს აიღებ და წაიღებ.

უჩუმრად მოხვალ, მაგრამ უკან ტკივილებსა და ცრემლების ნიაღვარს მოიტოვებ.

აცრემლებულ თვალებს, შეწყვეტილ ზღაპრებს, დაუსრულებელ საქმეებს… მოხვალ და ყველაფერს უკან მოიტოვებ.

უეცრად მოხვალ, ერთ დღეს! მოხვალ, რომ ჩემი ლამაზი სხეული ლეშად გადააქციო და უმოწყალოდ დაალპო. იმისთვის მოხვალ, რომ ჩემი ესოდეს სასურველი არსებობა დაასრულო.

ჩემი მარტოსულობა, ჩემი სინანული, მოხვალ და შენს ფერხთით გაეგება.

როგორ შევხაროდი სიცოცხლეს. შენი მოსვლით კი ერთი დღეც აღარავინ დამტოვებს ამ ქვეყანაზე.  როგორ ჩქარა ილოცავენ მიცვალებულის ნამაზს… თითქოს ჩემგან რაც შეიძლება სწრაფად სურდეთ გათავისუფლება.

ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე ტბილ სიტყვებს მეუბნებოდნენ, ვისთვისაც ძვირფასი ვიყავი, ახლა ღრმა საფლავში ჩამასვენებენ და უცებ რომ არ ამოვიდე, ზევიდან ბევრ, ძალიან ბევრ მიწას მომაყრიან.

შენ ხომ წასვლის პირველი, მოსვლის კი უკანასკნელი ნაბიჯი ხარ!

ამქვეყნად დედიშობილა მოვედი. მერე ვიშრომე, ვაგროვე, შევიძინე ქონება…

და როცა შენ მოხვალ, ეს ყველაფერი უკან დარჩება და მე ისევ დედიშობილა წავალ ამ ქვეყნიდან! 

Comment here