ძვირფასო მორწმუნენო!
აზარტული თამაშები ერთ-ერთი ჰარამი ქმედებაა, რომელსაც ჩვენი რელიგია ისლამი მკაცრად კრძალავს. აზარტული თამაშები არის უსამართლო შემოსავალი, რომელიც ეფუძნება პრინციპს, რომ ერთი ადამიანი იგებს და მეორე აგებს. აზარტული თამაშები, ადამიანთა შორის სიყვარულისა და ძმობის გრძნობების განადგურებას იწვევს; ეს არის მავნე ჩვევა, რომელიც აძლიერებს სიძულვილის, გაუტანლობის, მტრობისა და შურისძიების გრძნობებს. ეს არის დაავადება, რომელიც ადამიანის ფსიქიკურ და სულიერ სიჯანსაღეს არღვევს, ანგრევს ოჯახურ სიმშვიდეს და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალი პრობლემა შეაქვს.
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი მაიდას სურას ოთხმოცდამეათე აიათში ასე ბრძანებს: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალკოჰოლური სასმელი, აზარტული თამაშები, კერპები და ისრებით მკითხაობა ეშმაკისეული სისაძაგლენია. განერიდეთ ამას, ეგების ნეტარნი იქმნეთ თქვენ!“ (მაიდე, 5/90)
ამ აიათის შემდეგ უზენაესი განმარტავს აზარტული თამაშების აკრძალვის მიზეზებს: „უეჭველად, ეშმაკს სურს მტრობისა და სიძულვილის ჩამოგდება თქვენს შორის ალკოჰოლური სასმელითა და აზარტული თამაშებით. ამით უნდა მოგაცდინოს თქვენ ალლაჰის ხსენებასა და ლოცვას. უკვე თავი ანებეთ არა?!“ (მაიდე 5/91)
ძვირფასო მორწმუნენო!
აზარტული თამაშების ნებისმიერი ფორმა, რეალურ ცხოვრებაში იქნება თუ ციფრულ მედიაში, ლეგალურია თუ არა, აზარტული თამაშების ყველა ფორმა ჰარამია. ყველაფერი რაც კანონიერია ჰალალი არ არის. ამიტომ, ნებისმიერი სახის აზარტული თამაში, სადაც ზოგი იგებს და შედეგად იღებს უსამართლო შემოსავალს, ზოგი კი აგებს და კარგავს სარჩოს, ყველა ჰარამია. ასევე ჰარამია ნებისმიერი თამაში, რომელიც დაფუძნებულია სისასტიკეზე, როგორიცაა ცხოველების ბრძოლა, და ამ თამაშიდან მიღებული მოგება. ყველა აზარტული თამაში, როგორიცაა ლატარია, იღბლიანი რიცხვები, რომლებიც ტარდება ახალი წლის ღამეს, განსაკუთრებულ დღეებსა და კვირებში, არის აზარტული თამაში და ჰარამია.
ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის მიხედვით, აუცილებელია, რომ ჩვენი სარჩო ჰალალი გზებით მოვიპოვოთ. შესაბამისად, დაუშვებელია ფულის მოპოვება პროცენტით, აზარტული თამაშებით და მსგავსი უკანონო საშუალებებით. ჰარამით მოპოვებული ფულით მეჩეთები და მესჯიდები ვერ აშენდება. ჰარამი ფულით ასევე დაუშვებელია ისეთი თაყვანისცემის რიტუალების განხორციელება, როგორიცაა მომლოცველობა, ზაქათი და მსხვერპლშეწირვა. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ადამიანი აზარტული თამაშების მახეშია გაბმული. ბევრი ახალგაზრდა იძირება ვირტუალურ სათამაშო ჭაობში მობილური მოწყობილობების, ონლაინ თამაშებისა და ელექტრონული პლატფორმების საშუალებით. პატარა ბავშვებსაც კი მოუწოდებენ, ჩაერთონ ამ ბოროტებაში, აზარტული თამაშების რეკლამების გაშვების გზით ტელევიზორში, გაზეთებში და თუნდაც ინტერნეტ სივრცეში. აღნიშნული ბოროტების წინააღმდეგ ხმის ამაღლება ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა.
ძვირფასო მორწმუნენო!
აზარტული თამაში არის მატერიალური და სულიერი დეგრადაცია როგორც წამგებისთვის, ასევე მომგებისთვსიაც. როდესაც ადამიანი იგებს აზარტულ თამაშებში, ის ზიანს აყენებს სხვებს, ხოლო როდესაც ის წააგებს – საკუთარ თავს და ოჯახს ღუპავს. როგორც ყველა დამოკიდებულების შემთხვევაში, აზარტული თამაშებისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტური გზაა არასოდეს დაიწყოთ აზარტული თამაშები და არ იყოთ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც თამაშობენ და სხვებსაც თამაშისკენ უბიძგებენ. ასე რომ, მოდი, თავი დავანებოთ აზარტულ თამაშებს, რომელმაც ბევრი ოჯახი დაანგრია და ბევრი ადამიანი გააუბედურა. დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდობა და ბავშვები ყველა სახის მავნე დამოკიდებულებისგან; გავზარდოთ ისინი კარგ მეგობრებთან და კარგ გარემოში.
ძვირფასო მორწმუნენო!
მნიშვნელოვანია, რომ რასაც აქ გაიგონებთ, ის სხვებსაც გაუზიაროთ. მოდით, ეს ყველაფერი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნაცნობებს და ყველა ადამიანს გაუზიარეთ, ვისთანაც შესაძლებლობა გექნებათ. შეგახსენებთ შუამავლის დარიგებას: „არავის მიუღია იმაზე უკეთესი სარჩო, ვიდრე ხელის შრომით მოპოვებული“. (იხ. ბუჰარი, „ბუიუ: 15)
Comment here