აქტიურისათაურები

yeni yıl

ილჰამი აირანჯი

ქრისტიანული სარწმუნოების მიხედვით ახალი წელი შუამავალ იესოს დაბადებას უკავშირდება. შობად წოდებულ ამ დღესასწაულს კათოლიკები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ხოლო მართლმადიდებლები 7 იანვარს აღნიშნავენ.

ამრიგად, შუამავალ იესოს დაბადების დღის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა ქრისტიანული სამყარო ახალი წლის ღამეს ამ თარიღს უკავშირებს და ამ რწმენით განსაკუთრებული სუფრით, საჩუქრებითა და გართობით აღნიშნავენ. დასავლურ სამყაროში ეს სადღესასწაულო დღეები 24 დეკემბერს იწყება და 1 იანვარს მთავრდება. აღნიშნულ დღესასწაულს შობა-ახალი წელი ეწოდება.

თოვლის ბაბუა
ახალი წლის ღამის პირველი სტუმარი „თოვლის ბაბუაა“, რომელიც ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. ბავშვების წარმოდგენაში თოვლის ბაბუა დათოვლილი წითელი ქურქითაა შემოსილი და დიდი თეთრი წვერი აქვს. არსებობს მოსაზრება, რომ „თოვლის ბაბუა“ გამოგონილი ზღაპრის გმირი არ არის და ის ნამდვილად არსებობდა, რომელიც შემდეგ ტრადიციად იქცა, თუმცა ამ მოსაზრებას რაიმე ისტორიული დასაყრდენი, როგორც მტკიცებულება, არ გააჩნია.

საშობაო ნაძვის ხე
რაც შეეხება საშობაო ნაძვის ხეს, ის პირველად გერმანიაში მორთეს (1605 წელს). საშობაო ნაძვის ხეს ფერადი სათამაშოებითა და სხვა მოსართავებით რთავენ. საშობაო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია გერმანიიდან საფრანგეთში და შემდგომში მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

განადგურებული ეროვნული რესურსი
ყოველი შობა-ახალი წლის წინ მრავალი ქორფა ნაძვის ხე იჭრება და ეს ყველაფერი მხოლოდ რამოდენიმედღიანი „სიამოვნებისთვის“ კეთდება. სამწუხაროდ წელსაც იგივე განმეორდება. დასავლეთში სპეციალური ნაძვის ტყე აქვთ, სადაც საშობაო ნაძვის ხეებს აშენებენ და შემდეგ ჭრიან, ჩვენთან კი ბუნებრივი ტყე ნადგურდება.
ჰადისის მიხედვით შუამავალი გვაფრთხილებს, ვინც ხურმის ნერგს მოჭრის ჯოჯოხეთი ელოდებაო. (იხ. ებუ დავუდ, ქითაბულ ედებ). ჩვენთვის ეს საკმარისი გაფრთხილებაა. ახალ წელს გართობის მიზნით ნაძვის ხის მოჭრა, სულ მცირე, ეროვნული ბუნებრივი რესურსის განადგურებაა. ამასთანავე, ეს დიდი ცოდვა და უსამართლობაა.

შობა-ახალი წლის დღესასწაული, თოვლის ბაბუა, საშობაო ნაძის ხე, საჩუქრები, სუფრა და სხვა ყველაფერი, რაც ამ დღესასწაულთანაა დაკავშირებული დასავლური ტრადიციაა. ცნობილია, რომ არც რომაელთა და არც ჰიჯრის წელთაღრიცხვის მიხედვით ახალ წელს მსგავსი რიტუალებით არ ხვდებოდნენ. გარდა ამისა, აღნიშნული დღესასწაულის დროს სუფრაზე და სხვა რიტუალებისას ადამიანები ისეთ რამეს აკეთებენ, რაც ჩვენი სარწმუნოების მიხედვით სასტიკად აკრძალულია. ასეთია მაგალითად ალკოჰოლური სასმელების მიღება, ღორის ხორცის ჭამა, აზარტული თამაშები და სხვა.

ჩვენი შუამავალი კაცობრიობას სწორი გზის მაჩვენებლად მოევლინა. მისი დაბადების დღის ამგვარი ფორმით აღნიშვნა მიუღებელი იქნება. სინამდვილეში, ალკოჰოლური დასალევი და აზარტული თამაშები არც ქრისტიანულ სარწმუნოებაშია მიღებული. ამგვარი გართობა ადამიანს ცდუნებების მონად აქცევს და მის ღირსებას ამცირებს, რაც ჭეშმარიტი სარწმუნოების საფუძვლებს არ შეესაბამება.
შუამავალი იესო ჩვენც გვიყვარს. ჩვენ მას და სხვა ყველა შუამავალს ვაღიარებთ და მათი გვწამს. ეს ისლამის რწმენის ერთ-ერთი პირობაა. რომელიმე შუამავლის მიმართ გამოხატული პატივისცემა იმ ფორმით ინდა გამოიხატებოდეს, რასაც ჭეშმარიტი სარწმუნოება გვასწავლის. ამგვარი გამოხატვის ფორმებს ისლამი მიუღებლად თვლის და გვასწავლის თუ როგორი ფორმა იქნება სწორი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ სარწმუნოებას მისთვის დამახასიათებელი ტრადიცია აქვს და ისლამს სხვა რომელიმე სარწმუნოებაზე მიბაძვის საჭიროება არ გააჩნია.

შობა- ახალი წლისთვის დამახასიათებელი ყველა ღონისძიება მხოლოდ ხორციელ სიამოვნებას ემსახურება და ადამიანების სულიერებისგან დაცლას იწვევს. სამწუხაროდ, ამგვარი ტენდენცია ყოველ წელს უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება.

უცვლელი პეიზაჟები
ახალი წლის მოახლოებისთანავე ზოგი მუსლიმიც მაღაზიებსა და სახლებშიც ნაძვის ხეს რთავს და თოვლის ბაბუას იწვევს. ვიტრინებში ნაირ-ნაირი სათამაშოები და თოვლის ბაბუას გამოსახულებით თოჯინებია გამოფენილი. ზოგიერთ მაღაზიაში თოჯინის მაგივრად ცოცხალი თოვლის ბაბუა ყავთ. მაღაზიაში შესულ მომხმარებლებს თოვლის ბაბუას ფორმაში გამოწყობილი პერსონალი ემსახურება. ამის შემხედვარე ბავშვები მშობლებს ეუბნებიან, რომ თოვლის ბაბუა არსებობს და მისგან საჩუქრებს ელოდებიან. თოვლის ბაბუაც მუსლიმ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებთან სურათებს იღებს და საჩუქრებსაც ჩუქნის.

გარდა ამისა, საახალწლო პროგრამის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებულად ემზადებიან და გასართობ ღონისძიებებს მართავენ. აღნიშნულ ღონისძიებებზეც თოვლის ბაბუას ფორმაში გამოწყობილი ადამიანები მიდიან და ბავშვებისთვის საჩუქრები მიაქვთ. ამგვარ გარემოში მოქცეული მუსლიმი ბავშვი განსაკუთრებულ დაბნეულობას გრძნობს და ამიტომ, მათთვის და მათი ოჯახებისთვის ამ ყველაფრის ახსნა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

ბოლოს
როგორც ცნობილია, ისლამის მიხედვით მუსლიმების მიერ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებზე დამსგავსება და მათზე მიბაძვა, მიუღებელია. შუამავალი ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ის მუსლიმებს ურჩევდა ქრისტიანებსა და ებრაელებს არ დამსგავსებოდნენ.
ერთ-ერთი ჰადისის მიხედვით შუამავალი ბრძანებს: „ვინც სხვა ხალხზე დამსგავსებას ცდილობს, მათიანად ითვლება“. (იხ. ქეშფულ ჰაფა 2/240). ამრიგად, სხვა სარწმუნოების მიმდევართა ტრადიციების გადმოღება და მიმბაძველობა რელიგიური იდენტობის მოშლას გამოიწვევს, რაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. მუსლიმებმა ჩვენი რელიგიური იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ და ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ.

რელიგიის საკითხთა სამმართველოს გადაწყვეტილება
მუსლიმთა წელთაღრიცხვა შუამავლის მექადან მედინაში გადასვლით იწყება. ანუ მთვარის კალენდრის დასაწყისი ჰიჯრის მოვლენაა. რაც შეეხება მილადის კალენდარს, მისი დასაწყისი შუამავალ იესოს დაბადებასთანაა დაკავშირებული.
მიუხედავად იმისა, რომ შუამავალ იესოს დაბადების ზუსტი რიცხვი 1 იანვარი არ არის, ქრისტიანული სამყარო ამ დღეს ამ მნიშვნელობით აღნიშნავს.
რაც შეეხება ახალი წლის მილოცვას, ის დასაშვებია, მაგრამ მუსლიმის მხრიდან ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული სუფრის გაწყობა, დღესასწაულისა და გართობისათვის მზადება და სხვა ქრისტიანული ტრადიციების გადმოღება მისაღები არ არის.

რა უნდა გავაკეთოთ?!
ახალ წელს, გართობის ნაცვლად, გასული წლის ერთგვარი ანგარიში უნდა გავაკეთოთ. დაშვებული შეცდომები უნდა ვაღიაროთ და გამოსწორების გზებზე ვიფიქროთ. ასევე მომავალი წლისთვის საკუთარი თავისა და ოჯახისთვის სასარგებლო გეგმები უნდა შევადგინოთ. მერწმუნეთ, ეს უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე გართობა და ცოდვის მორევში გადაშვება.
ჩვენი, მუსლიმთა მოვალეობაა სწორი გზისკენ მიგითითოთ. ყოველი მუსლიმი ვალდებულია სწორი გზის შესახებ მიგვითითოს და სწორად ცხოვრების აუცილებლობა შეგვახსენოს. შუამავალი ბრძანებს: „თუ რომელიმე თქვენგანი ბოროტებას დაინახავს, ჩაერიოს და ხელით გამოასწოროს.თუ საამისოდ ძალა არ შესწევს, თქვას, რომ ეს ცუდია. თუ ესეც ვერ შეძლო, მაშინ გულით დაგმოს“. (იხ. რიაზუსსალიჰინ 1/183)