სათაურებიხუტბა

წარსულის გააზრება და მომავლის დაგეგმვა

 

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი ცხოვრების კალენდარს, ყოველდღურად, თითო ფურცელი აკლდება და ამასთანავე, ყოველ გასულ წელს ვუახლოვდებით განკითხვის დღეს, სადაც ღვთის წინაშე უნდა წარვსდგეთ. დიახ, ყოველდღიურად ჩვენი ცხოვრების დღეები გვაკლდება და სამაგიეროდ გვემატება ჩვენი ნამოქმედართა ჩამონათვალი, რომელიც ჩვენი „ცხოვრების წიგნს“ ამძიმებს.

ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით, გასული წლების ანგარიში გავაკეთოთ. მოდით საკუთარ გულში ჩავიხედოთ და წარსულის ნამოქმედარი ავწონოთ. ცოდვები და შეცდომები ვაღიაროთ და მოვინანიოთ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ყველა ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რაც გამჩენის, საკუთარი თავის, ოჯახის და ყველა არსების მიმართ გაგვაჩნია. უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავნი; და დაე, შეხედოს სულმა რა წაიმძღვარა ხვალისთვის. გეშინოდეთ ალლაჰის, უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც იქმთ თქვენ!“ (ჰაშრ 59/18)

 

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი მომავალი დღეები ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზნის შესაბამისად უნდა დავგეგმოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ამქვეყნიური სიამენი წარმავალია და მათი მოპოვების მცდელობაში საიქიო არ დავივიწყოთ. ყოველი სიტყვა, რომელსაც ვიტყვით, ყოველი საქმე, რომელსაც გავაკეთებთ, ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ ღვთის წინაშე დაფარული ვერ იქნება, რადგან ის ყველაფერს, ხედავს, ყველაფერი ესმის და ყველაფერი იცის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყოველი ნამოქმედარის გამო განკითხვა მოგვიწევს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰადისის მიხედვით შუამავალი ბრძანებს:

„ღვთის წინაშე მხოლოდ ისეთი საქმენი იქნება მიღებული, რომლებიც გულწრფელბითა და ღვთის კმაყოფილების გათვალისწინებით იქნება გაკეთებული“. (იხ. ნესაი, „ჯიჰად“ 24)

გამომდინარე აქედან, მოდით მთელი გულწრფელობით გამჩენს მივეკედლოთ. მტკიცედ გადავწყვიტოთ, რომ მთელ სიცოცხლეს ღვთის კმაყოფილების მოსაპოვებლად გავატარებთ. ღვთისმსახურება და კეთილი საქმენი ჩვენი ცხოვრების მთავარი ხაზი იქნება. ასეთი განსაცდელის ჟამს, როდესაც მსოფლიოში ვერაგი ვირუსი მძვინვარებს, რწმენა, იმედი და სიმტკიცე შევინარჩუნოთ.