სათაურებიხუტბა

ყურანის ნათელი მოეფინოს ჩვენს ოჯახებს

 

ძვირფასო მუსლიმებო!

ჩვენი შვილები ამ ქვეყანას სრულიად უცოდველნი ევლინებიან. ისინი ჩვენზე მობარებული ძვირფასი ამანათები არიან. შვილები ჩვენი ცხოვრების ყველაზე საყვარელი წყალობა და ჩვენი ოჯახების ყველაზე ძვირფასი სამკაულები არიან. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და გულის გამხარებლები არიან.

ბავშვები ჩვენი მომვალია. მათი კარგ მუსლიმებად, ღირსეულ ადამიანებად აღზრდა, ალალი სარჩოთი გამოკვება და ჭეშმარიტების შესწავლება ჩვენი ძირითადი მოვალეობაა. ჩვენ მათ პაწაწინა გულებში ღვთისა და შუამავლის სიყვარული უნდა ჩავუნერგოთ და მათ ცინცხალ გონებას სასარგებლო ცოდნა მივაწოდოთ. ჰადისის მიხედვით შუამავალი ბრძანებს: „არცერთ მამას თავისი შვილისათვის მაღალ ზნეობაზე უფრო ძვირფასი არაფერი დაუტოვებია“. (თირმიზი, „ბირ“ 33; იბნ ჰანბელი, 4, 77).

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენმა შვილებმა კიდევ ერთი სასწავლო წელი დაასრულეს. ყოველ წელს ჩვენი მეჩეთები  საგანმანათლებლო დაწესებულებებად გადაიქცევა და ბავშვების ჟრიამულით ივსება. ამ წელს კი  საზაფხულო ყურანის კურსს ჩვენს ოჯახებში გავივლით.

ძვირფასო მუსლიმებო!

საზაფხულო ყურანის კურსის საშუალებით ბავშვები ყურანის ანბანსა და ღვთისმსახურების წესებს სწავლობენ. ისინი უფრო ახლოს ეცნობიან ღმერთს და მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში განხორციელებას ცდილობენ. ისინი ასევე სწავლობენ შუამავლის სამაგალითო ცხოვრებას და აცნობიერებენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იყო კარგი მსახური, კარგი მოქალაქე და კარგი ადამიანი.

ძვირფასო მუსლიმებო!

ღმერთი ყურანში ბრძანებს:

„ელიფ. ლამ. რა. აი წიგნი, რომელიც ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ შენზე[1], რათა გამოიყვანო ხალხი წყვდიადიდან ნათელში, მათი უფლის ნებით, ძლევამოსილის, ყოვლადქებულის გზაზე“. (იბრაჰიმ, 14/1).

მოდით, ყურანი ჩვენი ცხოვრების გზად ვაქციოთ და ჩვენი შვილების გული, გონება და მომავალი მას დავუკავშიროთ. ამით ისინი ჭეშმარიტებას, რწმენას და მაღალ ზნეობას ეზიარებიან. ნუ მოვაკლებთ ამ დიდ განძს  და მათი გულები ყურანის ნათელით გავასხივოსნოთ.

 

ხუტბას ბოლოს კი ერთიანი ეროვნული გამოცდების მომლოდინე აბიტურიენტებს ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს!

[1] ო, მუჰამმედ

Comment here