სათაურებიხუტბა

365 დღის შეჯამება

 

365 დღის შეჯამება

ფიქრით ცხოვრების გატარება

 

ძვირფასო მუსლიმებო!

აიათში, რომელიც წავიკითხე, უზენაესი ბრძანებს:

„სააქაო ცხოვრება მხოლოდ გართობა და თამაშია, ხოლო იმქვეყნიური სასუფეველი – ჭეშმარიტი სიცოცხლე. ნეტავ, იცოდნენ!“  (ანქებუთ 29/64)

ჰადისში კი ღვთის შუამავალი ბრძანებს:

„ამქვეყნად უთვისტომო ღარიბივით ან გამვლელი მგზავრივით უნდა იყო“. (ბუჰარი, „რიქაქ“ 3)

 

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენი ასაკი განსხვავებულია, მაგრამ ამქვეყნად ყველა ჩვენგანს განსაზღვრული დრო გვაქვს, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია. როდესაც ღმერთი ინებებს, მის მიერვე დადგენილ დროს, არცერთ ამოსუნთქვით ადრე ან გვიან, თითოეული ჩვენგანი სულს მივაბარებთ და ამქვეყნიდან გავემგზავრებით. განკითხვისათვის გზად მიმავლებს მხოლოდ რწმენა და ჩვენი საქმენი გაგვყვება თან.

რა ბედნიერები ვიქნებით, თუ დროის ფასი, სიცოცხლის აზრი, ახალგაზრდობის მნიშვნელობა, ბოძებული სარჩოსა და ერთი ამოსუნთქვის გამო მადლიერების გამოხატვა ვიცოდით. ხოლო თუ ჩვენი დღეები ფუჭად გვიტარებია, ქონება გაგვიფლანგავს, გონება და სხეული მოგვიწამლავს, ადამიანებზე ტკივილი მიგვიყენებია, ღვთისმსახურება სისტემატიურად არ შეგვისრულებია და ასე შემდეგ, მაშინ ვაი ჩვენს თავს!

თითოეული გასული წელი კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს სიკვდილს. ამრიგად, დაფიქრების დროა. მოდით კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა გავაკეთეთ გასული მთელი წლის განმავლობაში, რა შევმატეთ სულიერებას და როგორ ვიცხოვრეთ.

 

ძვირფასო მუსლიმებო!

გასული წლის დასაწყისში წმინდა სამთვეულს ვუმასპინძლეთ. ასევე იყო ღვთიური წყალობის ნიშანი რეღაიბი, გონების სიწმინდისა და გულის სისპეტაკის გამომხატველი მირაჯი და ღვთიური განწმენდის მწვერვალი ბერათი. ნეტა, თუ გავიაზრეთ ამ ძვირფასი ღამეების მნიშვნელობა და ჩვენი გასაკეთებელი თუ გავაკეთეთ?  ნეტა, გულისყურით მოვეკიდეთ ნამაზის ლოცვას? შუამავალი ხომ „თვალის სინათლეს“ უწოდებდა ნამაზს. ნეტა, თუ გავიაზრეთ ჩადენილი ცოდვები და გულწრფელი სინანულით თუ მოვინანიეთ?!

 

ძვირფასო მორწმუნენო!

  როგორც ყოველ წელს, ისე გასულ წელსაც შევხვდით რამადანს. შევხვდით ყადირის ღამეს, რომელიც „ათას თვეზე სასარგებლოა“. შევხვდით ბაირამს. რამდენი მადლიერებაც არ უნდა გამოვხატოთ, მაინც ცოტაა. რამადანის თვეში რამდენი მადლიანი საქმის კეთების საშუალება მოგვეცა. გვქონდა საჰურის ბარაქა, მარხულობა და სიჯანსაღე. ყურანის ნათელითა და თარავის ნამაზით სიმშვიდე ვჰპოვეთ. ახლა საკუთარ თავს ვკითხოთ. ნეტა, ჩვენს დაჩაგრულ და უპოვარ თანამორწმუნე ძმებს საკმარისად დავეხმარეთ?! ყურანის თვის გასვლის შემდეგ ისევ ყურანით ცხოვრება გავაგრძელეთ?! ნეტა, ჩვენი ენა თუ მიეჩვია უფლის ხსენებასა და განდიდებას? ჩვენი გულები თუ მიეჩვია მადლიერებას?! ჩვენი გონება თუა მიჩვეული სამყაროსა და მის გამჩენზე ფიქრს?! ჩვენი სხეულები თუ მივაჩვიეთ მოთმინებას?!   

 

ძვირფასო მორწმუნენო!

ამ წელს ასევე აღვნიშნეთ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული. ეს იყო რწმენის, ქველმოქმედების, მადლიერებისა და ღვთისადმი მინდობის გამოხატულება. დავეხმარეთ და გავახარეთ მეზობლები, ახლობლები, ღარიბები და ობლები. ამ დღესასწაულით ძმობა, მშვიდობა და სიკეთე ვიზეიმეთ. ნეტა, ამ დღესასწაულმა ღვთისადმი რწმენა, მისდამი მინდობა და სიყვარული გაგვიძლიერა? ბაირამის შემდეგ მთელი წელი მოწყალების გაცემა გავაგრძელეთ? სხვებზე დახმარებით მიღებული ბედნიერება გამოვცადეთ?!

 

ძვირფასო მორწმუნენო!

ამ წელს ტრადიციულად შუამავალის დედამიწაზე მოვლინების დღესთან დაკავშირებული კვირეული აღვნიშნეთ. მოვისმინეთ შუამავლის რჩევები ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. გავიხსენეთ შუამავლის დამოკიდებულება ოჯახის მიმართ. მოდით, ამჯერადაც ვკითხოთ საკუთარ თავს: შუამავლის მაგალითი ავიღეთ და ოჯახურ ღირებულებებს პატივი ვეცით? სიყვარულით შექმნილ ოჯახში სამართლიანობა და შემწყნარებლობა დავიცავით? პრობლემები გონივრულად გადავწყვიტეთ? ძალადობაზე უარი ვთქვით?

 

ძვირფასო მუსლიმებო!

ამქვეყნიური ცხოვრება საიქიოსკენ მიმავალი გზაა. ამ გზაზე ადამიანი გარკვეული პასუხისმგებლობითაა დატვირთული. შესაბამისად მისი ცხოვრება რთულია, მაგრამ ღირებული. გამომდინარე აქედან, არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ამ მნიშვნელოვან გზაზე დამდგარი მგზავრები ვართ. ყველაფერ ამქვეყნიურს, რაც ამ გზაზე შეგვხვდება, მხოლოდ იმდენი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, როგორც მგზავრს შეეფერება და მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ უკანასკნელი ნავსაყუდელი და მიზანი სამოთხეა. სიცოცხლისა და ყველა იმ წყალობის ფასი უნდა ვიცოდეთ, რაც ღმერთმა გვარგუნა. ყოველი დღე ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ ღვთის კმაყოფილებას ისახავდეს მიზნად და ვაკეთოთ სიკეთე.  

 

Comment here