ძვირფასო მუსლიმებო!
რამადანი უზენაესის მიერ მორწმუნეთათვის მოვლენილი წყალობაა. ის გასული ერთი თვის მანძილზე თავისი უხვი წყალობით, ბარაქიანობითა და ამაღლებული განწყობით ჩვენს ყოველდღიურობას განსაკუთრებულ აზრს სძენდა. ამ ერთი თვის განმავლობაში ღვთიური წრთვნა მივიღეთ. აღსრულებული ღვთისმსახურებით რწმენა განვიმტკიცეთ. სულიერი ამაღლება ვიგრძენით და გულში იმედი ჩაგვესახა. ის არის წყალობის თვე და ჩვენთვის, მორწმუნეთათვის დიდი სიხარული მოაქვს, მასზე დამშვიდობება კი გვანაღვლიანებს.
რამადანის თვის ამ ბოლო დღეებში თითოეული ჩვენთაგანი ღმერთს ვევედრებით, რომ მოგვიტევოს და ჩვენგან კმაყოფილი იყოს. ამ თვეში შეძენილი მორწმუნეობრივი თვისებების შენარჩუნება გვინდა და მთელი ცხოვრების ჭეშმარიტ გზაზე გატარებისთვის ვიზრუნებთ. ჩვენი ვალია ღვთისმსახურება. ღმერთი ბრძანებს:
„თაყვანი ეცი შენს ღმერთს, ვიდრე არ აღესრულები!“ (ჰიჯრ 15/99)
ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანი ყურანის თვეა, ამიტომ ღვთის წიგნის კითხვას განსაკუთრებით დიდი ყურადღება მივაქციეთ. უფრო ნათლად გავიაზრეთ ჭეშმარიტი და მცდარი. ჩვენი სულიერება და შინაგანი სამყარო ყურანის ნათელით გავასხივოსნეთ. ყურანის მოძღვრებამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა ყველა ის ვალებულება და პასუხისმგებლობა, რომლებიც გვაკისრია. კიდევ ერთხელ სიღრმისეულად ვიგრძენით ღვთიური წიგნიდან წამოსული შვება და სულიერი ამაღლება. კიდევ ერთხელ გავიაზრეთ, რაოდენ დიდია ყურანით ნაკარნახევი ზნეობა.
გამომდინარე აქედან, მოდით მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მთელი ცხოვრება რამადანის მსგავსად გავატაროთ. ვიცხოვროთ რამადანისა და ყურანის თანხლებით. ყოველდღე ყურანის გარკვეული რაოდენობა წავიკითხოთ. ყური დავუგდოთ მის მოძღვრებას და ჩვენი ცხოვრებაც ყურანის პრინციპების შესაბამისად დავგეგმოთ.
ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენ ერთი თვის მანძილზე ვიმარხულეთ და ამით მოთმინების გამოცდა გავიარეთ. მარხვა ცდუნებებისა და მავნე მისწრაფებების წინააღმდეგ ძლიერი ზღუდეა. ყოველი ბოროტების წინააღმდეგ, როგორც შუამავალი გვირჩევდა, „მე ვმარხულობო“ ვამბობდით. ჩვენ ვიცავდით მარხვას და ამით საკუთარ თავს, ხელს, ენას, ყველაფერს ვაკონტროლებდით. მარხვა სიყვარულია. მარხვა სიკეთეა. მარხვა შემწყნარებლობის გამოვლინებაა.
ამრიგად, მოდით, მარხვით მოტანილი სულიერი წრთვნა და სულიერი ამაღლება შევინარჩუნოთ და ამ ყველაფრის ფასი ვიცოდეთ. საკუთარი ცდუნებები და მავნე მისწრაფებები მოვთოკოთ და გავაკონტროლოთ. ნუ ვიკადრებთ ტყუილის თქმას, ცილისწამებას, ჭორაობას. გული გავიწმინდოთ ყოველგვარი შურის, ბოღმის, ეგოიზმის, სიძულვილის, მტრობისა და მავნებლობისაგან. ყველას მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გარემოს და ყველა ცოცხალ არსებას სიკეთით უნდა მოვეპყროთ. გონება ჭეშმარიტებას, გული კი სიყვარულს უნდა დავუკავშიროთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანის თვეში განსაკუთრებული გულწრფელობით ვასრულებდით ღვთისმსახურებას. ამ ღვთისმსახურებათაგან ერთ-ერთი ნამაზია. სამწუხაროდ წელს მსოფლიო პანდემიის გამო თერავის ნამაზის მეჩეთებში ერთიანად აღსრულება ვერ შევძელით და ამას განვიცდით. სამაგიეროდ ოჯახურ გარემოცვაში ვლოცულობდით ნამაზს და თითოეული სახლი სამლოცველოდ ვაქციეთ. ოჯახურ გარემოში შესრულებული ნამაზების წყალობით ჩვენმა შვილებმა ნამაზი შეისწავლეს და შეიყვარეს. ჩვენ ვგღძნობდით, რომ ნამაზი ღმერთთან ყველაზე ახლოს ყოფნის მომენტია.
ამრიგად, მოდით, მივყვეთ ღვთიურ ბრძანებას ოჯახის წევრების ნამაზთან დამოკიდებულებას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. ყურანში ნაბრძანებია: „და უბრძანე შენს ოჯახს ლოცვა და იყავი მომთმენი“ (იხ. ტაჰა 20/132). ნამაზი ჩვენი თვალის ჩინი და გულის სალბუნია, ამიტომ მას განსაკუთრებული დრო და ყურადღება უნდა დავუთმოთ.
ძვირფასო მუსლიმებო!
რამადანი ასევე ქველმოქმედებისა და სიკეთის კეთების თვალსაზრისით განსაკუთრებული დროა. ჩვენ ყველა ის სულიერი თუ მატერიალური წყალობა, რაც ღმერთმა გვარგუნა, ჩვენს ხელმოკლე ძმებს უნდა ვუწილადოთ. ამ რამადანშიც, ღმერთს მადლობა, ასე მოვიქეცით და მორწმუნე ძმებს დავეხმარეთ. ჩვენს მიერ მირთმეული საკვებით სიკეთე გავავრცელეთ და გულები გავაერთიანეთ. გავეცით მოწყალება და ამით ღვთისადმი მადლიერება გამოვხატეთ, რადაგან მან ამის საშუალება მოგვცა.
მოდით, ჩვენი ქონების, ცოდნის, სიყვარულის, გამოცდილების, შემწყნარებლობისა და სიკეთის ადამიანებისთვის გაზიარება გავაგრძელოთ და ეს ყველაფერი რამადანის შემდეგაც შევინარჩუნოთ. მუდმივად უნდა გამოვხატოთ ჩვენი მზაობა სხვათა დასახმარებლად. მოწყალება უბედური შემთხვევებისა და ავადმყოფობისაგან დაგვიფარავს. სხვათა დასახმარებლად გაწვდილი ხელით ადამიანთა გულებამდე მყარი ხიდები ავაგოთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანი მიტევების თვეა, ამიტომ უზენაესის წინაშე ყველა ცოდვა მოვინანიეთ და უმორჩილესად ვთხოვეთ შენდობა. ის ყოვლად მოწყალე და შემწყნარებელია. ჩვენც დამდურებულებს მივუტევეთ და შევურიგდით.
გამომდინარე აქედან, მოდით სამუდამოდ მივატოვოთ ცოდვები, როგორც ამას შუამავალი გვასწავლის. გულწრფელი სინანულით მოვინანიოთ და აღარასოდეს გავიმეოროთ. ჩვენ ასევე ერთიმეორის ნაკლოვანებები უნდა დავფაროთ, რათა განკითხვის დღეს ღმერთმა ჩვენი ნაკლოვანებები დაფაროს. მორწმუნე ძმების შეცდომები და ცოდვები არ უნდა გამოვამზეუროთ. შეცდომები მივუტევოთ ერთმანეთს და სიკეთის მაგალითი მივცეთ.
ძვირფასო მუსლიმებო!
რამადანის თვეში სულიერი ამაღლება ვიგრძენით. უფრო ხშირად ვასრულებდით ღვთისმსახურებას და უფრო მეტ მოწყალებას გავცემდით. ღირსეული მსახურებისთვის ამ ყველაფრის მხოლოდ რამადანის თვეში გაკეთება არ არის საკმარისი. შუამავალი გვასწავლიდა, რომ კეთილი საქმე ღვთის წინაშე ყველაზე მისაღები მაშინაა, როცა ის სისტემატიურია, თუნდაც მცირე იყოს. (იხ. ბუჰარი, „ლიბას“ 43).
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოვალეობა მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. ჩვენ ყოველი ფეხის ნაბიჯი უნდა გავიაზროთ და ყოველი ქცევისას უზენაესის კონტროლს უნდა ვგრძნობდეთ. ღვთიური ბრძანებებისა და აკრძალულების გათვალისწინება ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერების საწინდარია:
„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავნი; და დაე, შეხედოს სულმა რა წაიმძღვარა ხვალისთვის. გეშინოდეთ ალლაჰის, უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც იქმთ თქვენ!“ (ჰაშრ, 59/18)
ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანი დანარჩენი თერთმეტი თვის სულთანია. ამ თვეში შესრულებული ღვთისმსახურების წყალობით ღვთის გზაზე კიდევ უფრო დავახლოვდით. ეს სიახლოვე არ უნდა დავკარგოთ. ეს სულიერი ამაღლება მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა შევინარჩუნოთ. ასეთ შემთხვევაში ამქვეყნიური ცხოვრება რამადანი, ხოლო საიქიო ცხოვრება დღესასწაული (ბაირამი) იქნება.
ხუტბას შუამავლის ვედრებით დავასრულებ: „ღმერთო! მომმადლე წრთვნა ჩემი სარწმუნოებით, რომელიც ყველა საქმეში მიცავს და გადამარჩენს. ეს სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ და სადაც სარჩოს ვპოვებ, გამიოლე და სასარგებლოდ დამიდგინე. მომმადლე საიქიოს სიკეთე, სადაც წავალ და მუდმივად დავრჩები. მომადლე ყოველი სიკეთე და სიუხვე. დაიფარე ჩემი სიცოცხლე ყოველგვარი უბედურებისაგან!“ (იხ. მუსლიმ, „დუა“ 71)
Comment here