სათაურებიხუტბა

ცხოველების მიმართ შემწყნარებლობა: რელიგიური და ადამიანური პასუხისმგებლობა

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ დღეს შუამავალმა მეგობრებს მოუყვა ერთი კაცის ამბავი, რომელმაც უდაბნოში წყურვილისგან მისუსტებულ ძაღლს ჭიდან ფეხსაცმლით წყალი ამოუღო და დაალევინა, რის გამოც ღმერთმა იმ კაცს ცოდვები მიუტევა და მისით კმაყოფილი გახდა. „ცხოველებზე გაკეთებული სიკეთეც მადლია?“ – ჰკითხეს მეგობრებმა. „ნებისმიერ არსებაზე გაკეთებული სიკეთე მადლია“- ბრძანა შუამავალმა. (იხ. ბუჰარი, „მუსაქათ“ 9)

ასევე ჰადისითაა ცნობილი შუამავლის განმარტება, რომელიც ეხება ქალს, რომელმაც კატა გამოამწყვდია და შიმშილით სიკვდილისთვის გაწირა, რადგან გაბრაზებული იყო. შუამავამა ბრძანა, რომ ეს ქალი ღვთის რისხვას იმსახურებდა. უმწეო ცხოველის ასეთი სასტიკი სიკვდილისთვის გაწირვა დიდი უსამართლობაა და ამის ჩამდენი ღვთის რისხვას იმსახურებსო, ბრძანა შუამავალმა. (იხ. ბუჰარი, ბედულ ჰალქ“ 16)

ძვირფასო მორწმუნენო!
ყველაფერი, რაც სამყაროშია, უზენაესის მიერაა გაჩენილი და ყველაფერი მის არსებობას ადასტურებს. ყველა არსება მისი გაჩენილია და ამდენად ძვირფასია. გარდა ამისა, დედამიწაზე არსებული ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება ადამიანზეა მიბარებული. ადამიანი ვალდებულია ცოცხალი არსებების მიმართ შემწყნარებლობა და პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.

ისლამი ცხოველების მიმართ შემწყნარებლობას გვასწავლის და მათ მიმართ სისასტიკეს კრძალავს. ჰადისის მიხედვით შუამავალი ბრძანებს: „არ არსებობს ადამიანი, რომელის ბეღურას ან მასზე დიდ არსებას უსამართლოდ მოკლავს და ამის გამო ღვთის წინაშე პასუხს არ აგებს“. (იხ. ნესაი, „სეიდ“ 34)

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანში ნაბრძანებია:

„არ მოიძებნება დედამიწის ზურგზე ცხოველი (მოსიარულე) და არცა ჩიტი, თავისი ორი ფრთით მფრინავი (ზეცაში), თუ არა თემნი თქვენნაირი, ჩვენ წიგნში (ლევჰი მაჰფუზში) არაფერი გამოგვიტოვებია, მერე კი თავიანთ ღმერთთან იქნენ შეკრებილნი“.  (ენამ 6/38)

ცხოველებიც ადამიანთა მსგავსად ამ დედამიწის მკვიდრნი არიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლის, არსებობისა და უსაფრთხოების უფლება მათაც გააჩნიათ. ცოცხალ სამყაროს სიყვარულით უნდა შევხედოთ და ცოცხალი არსებების მიმართ შემწყნარებლობა გამოვიჩინოთ. დაუშვებელია ცოცხალი არსებების წამება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდი. ამ დროს ცხოველებს განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. ჩვენ, ადამიანებმა უნდა შევასრულოთ ჩვენი რელიგიური და ადამიანური ვალდებულებები და ამ გზით ღვთის კმაყოფილება მოვიპოვოთ.

Comment here