სათაურებიხუტბა

„ჩვენი ვალია მოთმინებითა და ღვთისადმი მინდობით განვიმსჭვალოთ“.

ჩვენ ყოველ წელს ჩვენი სულიერი განახლების პერიოდს, სამთვეულის მოსვლას აღვნიშნავთ.
ეს არის დრო, როდესაც ჩვენი სულიერი სამყარო განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის. ამ დროს საკუთარ გულში ვიხედებით და გავლილი ცხოვრების ანალიზს კიდევ ერთხელ ვაკეთებთ. გავიხსენოთ შუამავლის ვედრება: „ღმერთო! დაგვილოცე რეჯებისა და შაღბანის თვეები და დაგვასწარი რამადანს!“ ამ ვედრებით ცხადია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს სამი თვე მორწმუნეთა ცხოვრებისთვის. აღნიშნული ვედრებით, ამ გამორჩეული თვეების მნიშვნელობა და ფასი, ჩვენს სულიერ სამყაროში საფუძვლიანად დამკვიდრდა. ამაღამ კი სამთვეულის პირველი ხუთშაბათის ღამეა. ეს არის ღამე, როდესაც მორწმუნეებს იმედი გვაქვს, რომ გულითადი და წრფელი მინდობის შემთხვევაში, ღმერთი თავის მსახურთ შეიწყალებს. ეს არის წყალობის ღამე და ამ წყალობის იმედი ჩვენს გულებში მუდმივად არის.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ღამე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელსაყრელი შემთხვევაა საიმისოდ, რომ სულიერი განახლება და ზნეობრივი ამაღლება მოვიპოვოთ. ამ ღამეს ღრმა „თეფექქურით“, ჩვენი გაჩენის არსი, ჩვენი განვლილი ცხოვრება და შეცდომები უნდა გავაანალიზოთ. ასევე უნდა მოვახდინოთ სულიერი განახლება და ეს ყველაფერი გულწრფელი მონანიებით უნდა დავიწყოთ. ჩვენი მონანიება მხოლოდ ინდივიდუალურ განწმენდას კი არა, საზოგადოებრივი სულის ამაღლებას და გლობალური მასშტაბით განწმენდას უნდა ისახავდეს მიზნად.

„ჩვენი ვალია მოთმინებითა და ღვთისადმი მინდობით განვიმსჭვალოთ“.
უკანასკნელ წლებში მრავალი გლობალური კატასტროფა, კრიზისები და უბედურებები დაფიქსირდა. ამ ყველაფრის გამო, კაცობრიობა ფიზიკურად და სულიერად გადაღლილ მდგომარეობაშია.

ასეთი ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ, ჩვენი ვალია მოთმინებითა და ღვთისადმი სრული მინდობით განვიმსჭვალოთ. აღნიშნული პრობლემები, რომლებიც გლობალურია და ბუნებრივია ჩვენს ქვეყანასაც ემუქრება, უნდა დაიძლიოს და საამისოდ, უპირველეს ყოვლისა, საჭირო პრევენციუული ღონისძიებები უნდა გავატაროთ და ამვდროულად თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი მოვალეობა მთელი პასუხისმგებლობით უნდა შევასრულოთ. უკეთესი მომავლისათვის მთელი მონდომებით შრომაა საჭირო. ასევე, ამ დროს, უზენაესს უნდა მივეკედლოთ და მისი იმედი ვიქონიოთ. ამდენად, ეს ძვირფასი ღამე საუკეთესო ხელსაყრელ შემთხვევად უნდა მივიჩნიოთ და გამჩენის უშრეტ წყალობას მივეკედლოთ.

ჩვენ უნდა ჩამოვშორდეთ ისეთ ნეგატიურ გრძნობებს, როგორიცაა უიმედობა, სასოწარკვეთლება, ეგოიზმი, შური და სიძულვილი, რადგან ისინი ჩვენი გულის სულიერ მხარეს ახმობენ და უსიცოცხლოს ხდიან. ამ ღამეს სიყვარულს, მეგობრობას, ძმობას, სიკეთესა და ერთგულებას მივცეთ გასაქანი და ამისთვის ღმერთს შევევედროთ.

ჩვენ უნდა ვეცადოთ მთელი მსოფლიოს გასხივოსნება  და საამისოდ ჩვენი ცოდნა, გამჭრიახობა და სიბრძნე უნდა გამოვიყენოთ. ეს მადლიანი პერიოდიც სულიერი ამაღლების, ღვთისმსახურებისა და კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის ვედრებაში უნდა გამოვიყენოთ. ამ გრძნობითა და განწყობით, ვულოცავ მთელ ისლამურ სამყაროს ამ ძვირფასი სამთვეულის მობრძანებას და უზენაესს ვთხოვ მთელ კაცობრიობას მოგვცეს ერთობა, ერთიანობა, სიმტკიცე, მშვიდობა და კეთილდღეობა.

 

       

Comment here