სათაურებიხუტბა

ყურანით ცხოვრება

ძვირფასო მუსლიმებო!

აიათში, რომელიც წავიკითხე, ღმერთი ბრძანებს:

„უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი ყადირის ღამეს!

 რა გამცნობს შენ, რას ნიშნავს ყადირის ღამე?

ყადირის ღამე ათას თვეზე უკეთესია!

ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული, ყოველი ბრძანების შესასრულებლად.

ის ღამე, ცისკრის ამოსვლამდე, მშვიდობითა და ბედნიერებითაა აღსავსე!“ (ყადირ 97/1-5)

 

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს: „ვინც რწმენითა და მადლის მოლოდინით ყადირის ღამეს მსახურებით შეხვდება, წარსულის ცოდვები მიეტევება“. (იხ. ბუჰარი, „ფედლულეილეთილ ყადრ“ 3)

ძვირფასო მორწმუნენო!

მომავალი სამშაბათის ღამეს ოთხშაბათის დილამდე ყადირის ღამეს აღვნიშნავთ. ღვთის დახმარებით, ეს ყადირის ღამე ღვთიური წყალობის, მიტევების, მშვიდობისა და შემწყნარებლობის ღამე იქნება. ეს არის ღამე, როდესაც კაცობრიობის უძვირფასესი გზამკვლევი, ყურანი ზეგარდმოევლინა. ეს არის ღამე, როდესაც კაცობრიობა ყურანის უბადლო ნათელს ეზიარა.

ძვირფასო მუსლიმებო!

ეს ღამე თავის მნიშვნელობას ყურანისგან იღებს. ყურანი კაცობრიობისთვის საუკეთესო რჩევა და უდიდესი შვებაა. ყურანი მორწმუნეთათვის უდიდესი წყალობაა. ის არის ნათელი, რომელიც კაცობრიობას გზას უნათებს. ის არის საუკეთესო სიტყვა. ის არის წიგნი, რომელიც მოგვევლინა, რათა წავიკითხოთ, გავიგოთ და მისით ვიცხოვროთ. ის ისეთი გზამკვლევია, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებისას, მყარი ნაბიჯების გადადგმისას უბადლო მეგზურობას გვიწევს. ის იმედის უშრეტი წყაროა. ყურანში მოცემულია დებულებები, რომლებიც კაცობრიობას აუცილებლად სჭირდება, რათა დედამიწაზე მშვიდობამ და ჰარმონიამ დაისადგუროს.

„და ეს წიგნი, რომელიც ჩვენ გარდმოვავლინეთ, უბიწოა. მაშ, მიყევით მას და იყავით ღვთისმოშიშნი (არ გაეკაროთ სისაძაგლეს), ეგების შეწყალებულნი იქმნეთ თქვენ!“ (ენამ 6/155)

 

შესაბამისად, მოდით ყველამ სათანადოდ დავაფასოთ ეს ძვირფასი ღამე და მრავალგზის მადლობა შევწიროთ უზენაესს, რადგან კიდევ ერთხელ დაგვასწრო მას.

ძვირფასო მორწმუნენო!

ღვთიური წიგნის პირველი მოწოდება შემდეგი იყო:

„იკითხე, შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა!“ (ალაქ 96/1)

 

ეს ძვირფასი აიათი ცხადად გვახსენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კითხვა და ცოდნის შეძენა. ყურანი გვიბრძანებს წავიკითხოთ, გავიგოთ, სამყარო აღვიქვათ და შესაბამისად ვიცხოვროთ. ყოველი ჩვენი ქმედება ღვთის კმაყოფილებას უნდა ისახავდეს მიზნად და ყველაფერს მისი სახელით უნდა ვაკეთებდეთ. ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ მივიღოთ სასარგებლო ცოდნა.

ყურანი ღმერთის შესახებ გვესაუბრება და გვასწავლის.

„თქვი: ის, ალლაჰი ერთადერთია!

ალლაჰი  „სამედია“ (ანუ ის არაფერზეა  დამოკიდებული, პირიქით, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული)!

არ შობილა და არც უშვია (მშობელი არ ყოფილა) 

და არც არავინ ყოფილა ბადალი მისი (და ვერც იქნება)!“ (იჰლას 112/1-4)

 

ამ სურაში წარმოდგენილია ისლამის ფუნდამენტური რწმენის უპირველესი პირობა, რწმენა ერთადერთი ღმერთისა. ის ერთადერთია, არაფერზეა დამოკიდებული და არ ჰყავს ტოლი და სწორი. სამყაროში არსებული ყველა და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და მისით საზრდოობს. ის არის ყოვლისმფლობელი და ყოვლისშემძლე.

ძვირფასო მუსლიმებო!

ღმერთმა კაცობრიობის სწორ გზაზე დასაყენებლად მრავალი შუამავალი მოავლინა და ასევე მოგვივლინა ღვთიური წიგნები. სამწუხაროდ ადამიანები დროთა განმავლობაში ღვთის სიტყვას ივიწყებდნენ და ჭეშმარიტი გზიდან უხვევდნენ. ღმერთმა კაცობრიობას უკანასკნელი წიგნი და უკანასკნელი შუამავალი მოუვლინა და ბრძანა, რომ ამით ჩვენი სარწმუნოება სრულყო. მის წინაშე ჭეშმარიტი სარწმუნოება ისლამია.

„უეჭველად,  ალლაჰის წინაშე სარწმუნოება ისლამია!“ (ალი იმრან 3/19)

ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერების ერთადერთი გზა ყურანის გზაა. ჩვენ ვალდებულნი ვართ სრულად ვიწამოთ ყურანისეული მოძღვრება და ცხოვრება მას დავუქვემდებაროთ.

ძვირფასო მორწმუნენო!

ყურანში ასევე ნაბრძანებია:

„სულსა და ჩამომყალიბებელსა მისას!

და მისთვის (სულისთვის) უკეთურობისა და მორჩილების შთამგონებელსა!

უეჭველად, ნეტარ იქმნა (სული), ვინც განწმინდა იგი!

უეჭველად, წარწყმედილ იქმნა (სული), ვინც შეეცადა მისი(ნაკლოვანებების) დაფარვას!“ (შემს 91/7-10)

 

ეს აიათი გვასწავლის, რომ ღმერთმა ადამიანს უბოძა უნარი განასხვავოს კარგი და ცუდი, კეთილი და ბოროტი, ჭეშმარიტება და სიცრუე. ადამიანს ასევე გააჩნია თავისუფალი ნება გააკეთოს მათ შორის სასურველი არჩევანი. ღმერთი გვიბრძანებს ეს არჩევანი სწორად გავაკეთოთ და სწორ მხარეს დავდგეთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვეზიარებით ღვთიური კმაყოფილების მოპოვებას, რაც საბოლოოდ სამოთხეში დაგვამკვიდრებს.

ძვირფასო მუსლიმებო!

ღვთისადმი მსახურება ღვთის წიგნით გადმოცემული მოწოდების გათვალისწინებით ცხოვრებას მოითხოვს:

„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ჭეშმარიტი ღვთისმოშიშებით გეშინოდეთ ალლაჰისა, და ისე არ ჩააბაროთ სული, მუსლიმად არ აღესრულოთ!“ (ალი იმრან 3/102)

გამომდინარე აქედან, მორწმუნე ვალდებულია გულწრფელი ღვთისმოსაობით სასოებდეს ალლაჰს, გააზრებულად სცემდეს თაყვანს და ღვთიური წყალობის მადლიერი იყოს. მორწმუნის ყოველი ნაბიჯი ღვთის კმაყოფილების მოპოვებისკენ უნდა იყოს მიმართული. ის უნდა იდგეს სიკეთისა და სიმართლის მხარეს.

ყურანში ნაბძანებია:

„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ არის ნებადართული ალლაჰის ნიშნები და არც ნაკრძალი თვე, და არც ზვარაკი, და არცა აქლემნი კისერსაბმელით; და არცა უსაფრთხო სახლში მიმავალთათვის, რომელნიც უფლისგან მადლსა და მწყალობლობას მიელტვიან. ხოლო როცა იჰრამიდან გამოხვალთ, ინადირეთ, და ცოდვას ნუ ჩაგადენინებთ იმ ხალხისადმი სიძულვილი, მესჯიდი ჰარამს რომ არ გაკარებდათ. და შეეწიეთ ერთმანეთს ღვთისმოსაობასა და ღვთისმოშიშობაში, მაგრამ არ შეეწიოთ ერთმანეთს ცოდვასა და მტრობაში. და გეშინოდეთ ალლაჰისა, უეჭველად, ალლაჰის საზღაური სასტიკია!“ (მაიდე, 5/2)

ღირსეული მსახურება სიტყვითა და საქმით გულწრფელობას მოითხოვს. მორწმუნის განზრახვა და რწმენა მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელობას უნდა ემყარებოდეს.

ყურანში ასევე ნაბრძანებია:

„გაყიდეს მათ ალლაჰის აიათები მცირე ფასად და შემოატრიალეს მისი გზიდან. უეჭველად, რაოდენ ცუდია ის, რასაც სჩადიოდნენ ეგენი!“… (თევბე 9/119)

 

ძვირფასო მორწმუნენო!

 

ღმერთმა ადამიანი გააჩინა და ამქვეყნიური ცხოვრებით გამოცდა დაუწესა. ყურანში ნაბრძანებია:

„ნუთუ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ამაოდ იქნებიან მიტოვებულნი და არ გამოიცდებიან, თუ მხოლოდ იტყვიან „ვირწმუნეთ“? (ანქებუთ 9/2)

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გამოცდას ადამიანთა ნაწილი გაივლის, ხოლო ნაწილი ჩაიჭრება. ჩვენი ვალია არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ ამქვეყნად უმიზნოდ და უმიზეზოდ არ ვართ მოვლენილნი და გვაქვს პასუხიმგებლობა. ჩვენ ასევე არასოდეს უნდა დავკარგოთ ღმერთის იმედი, რომელიც მუდმივად მოწყალეა:

„რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, უეჭველად, ჩვენ არ დავუკარგავთ საზღაურს მათ! ვინც კეთილი საქმე ჰქმნა“, (ქეჰფ 18/30)

 

ღმერთი ყოვლისმფლობელია. მისი კმაყოფილებისათვის ზრუნვა, მის მიერ ნაბრძანები ცხოვრების წესით ცხოვრება, გულწრფელი მსახურება და მადლიერება უპასუხოდ არ დარჩება და ღმერთი ასეთ ადამიანებს შესაბამისად დააჯილდოვებს.

ძვირფასო მუსლიმებო!

 

ღვთიური ბრძანების თანახმად ყადირი ღამე ათას თვეზე უფრო სასარგებლოა. მოდით, ამ ძვირფასი ღამის ფასი ჯეროვნად გავიაზროთ და მისი სულიერი სიუხვით მაქსიმალურად ვისარგებლოთ. ვეცადოთ ჯერვნად დავაფასოთ ის უდიდესი წყალობა, რაც ღმერთმა მოგვივლინა. ყველამ მთელი გულით გავერთიანდეთ ყურანის გზაზე და მისი უშრეტი სიბრძნით ვისაზრდოოთ. ვიკითხოთ ხშირად და გულწრფელად მოვიმდომოთ მისი გაგება. ვისწავლოთ ის და მისით ვიცხოვროთ.

 

უმორჩილესად ვევედრები უზენაესს, ეს ყადირის ღამე ჩვენი ერის, მთელი ისლამური სამყაროსა და სრულიად კაცობრიობისათვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს! ღმერთო, ჯანმრთელობითა და მშვიდობით დაგვასწარი მომავალ ბაირამს, მოგვმადლე წყალობა, რათა ჩვენი სამშობლო და მთელი მსოფლიო მალე გათავისუფლდეს პანდემიისგან! 

Comment here