ამბებისათაურები

ღრმად პატივცემულო, ძვირფასო მორწმუნენო!

წმინდა აიათში უზენაესი ბრძანებს: „თქვი: ჰეი, მსახურნი ჩემო, რომელთაც ზღვარს გახვედით საკუთარი თავის საზიანოდ! არ მოიწყვიტოთ იმედი ალლაჰის წყალობისგან. უეჭველად, ალლაჰი მიუტევებს ცოდვებს სრულად, რამეთუ იგია შემნდობი, მწყალობელი“. (ზუმერ 39/53)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს: „შა’ბანის მთვარის მეთხუთმეტე ღამე რომ მოვა, ღამე ღვთისმსახურებაში, ხოლო დღე მარხვაში გაატარეთ, რადგან ამ დღეს, როგორც კი მზე ჩავა, ღმერთი დედამიწას წყალობის თვალით გადმოხედავს და განთიადამდე ასე ბრძანებს: მიტევების მსურველი არავინაა, რომ მივუტევო?! სარჩოს მსურველი არავინაა, რომ სარჩო ვუწყალობო?! უბედურებაში ჩავარდნილი არავინაა, რომ გადავარჩინო?!“ 

ძვირფასო მორწმუნენო!

სამშაბათ დღეს, ოთხშაბათის დილამდე ბერათის ღამეა. ეს არის ცოდვების მონანიების, უზენაესისადმი ვედრებისა და მისი წყალობით გადარჩენის ღამე. ეს არის ჩვენი უსაზღვრო სურვილებისა და მისწრაფებების მოთოკვის ღამე. ეს არის დრო, როდესაც ღმერთს კიდევ ერთხელ უნდა აღვუქვათ, რომ გულწრფელი მსახურნი ვიქნებით.

უსაზღვრო დიდება ალლაჰს, რომლის ნებით ჩვენი უბედურებები დასრულდება. დიდება ალლაჰს, რომელმაც ამ ძვირფას ღამეს დაგვასწრო. ვლოცავთ და მივესალმებით შუამავალს, რომელმაც კაცობრიობას ჭეშმარიტი რწმენა და ამ რწმენის მიხედვით ცხოვრება ასწავლა. 

ძვირფასო მუსლიმებო!

კაცობრიობის ისტორია მრავალი განსაცდელისა და რთული პერიოდების მომსწრეა. იყო სირთულის და ასევე აღმავლობის ხანები. ამასთანავე ზოგჯერ მსოფლიოში გადამდები დაავადებები იჩენდა თავს. ამ ყველაფერში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ნება იყო და ამასთანავე თავის როლს ადამიანის ნამოქმედარიც თამაშობდა. ღმერთი ადამიანებს აფრთხილებს, რომ ყველაფერი, რაც მათ გადახდებათ, მათი ნამოქმედარის გამოა და ამასთანავე ღმერთი შემწყნარებელია.

ძვირფასო მორწმუნენო!

დღეს ეპიდემია მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად საჭირო პრევენციული ღონისძიებები საგრძნობლად დაგვიანდა და შედეგიც სახეზეა. ჩვენ ამ ყველაფერს მხნედ და მოთმინებით უნდა შევხვდეთ. ღმერთმა შეიწყალოს და სამოთხე დაუმკვიდროს ამ ეპიდემიისგან დაღუპულებს. ხოლო ვინც ამჟამად დაავადებულია, ღმერთს ვთხოვ, მალე გამოჯანმრთელდნენ და შვება ჰპოვონ. ასევე ღმერთს ვთხოვ, ეს ყველაფერი, ეს პანდემია მალე დაასრულოს და ამ უბედურებისგან გვიხსნას. 

ძვირფასო მორწმუნენო!

ამ ბერათის ღამეს, ალბათ მეჩეთებს ვეღარ შევავსებთ და ისევ ისე ერთიანად ვეღარ შევასრულებთ ლოცვას. ამჯერად ყველანი ერთად ვერ დავდგებით მეჩეთებში და ისევ ისე ერთიანად ვეღარ შევევედრებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სახლი პატარა მეჩეთებად ვაქციოთ და ოჯახის წევრებთან ერთად ლოცვა-ვედრება აღვავლინოთ. ჩვენ ამ ძვირფასი ღამის მადლი უნდა გამოვიყენოთ და დიდიან პატარიანად, ყველამ ეს პერიოდი ღვთისმსახურებაში უნდა გავატაროთ. ჩვენ უნდა გავიხსენოთ ჩვენი შეცდომები, ჩვენი ცოდვები და უნდა მოვინანიოთ. ჩვენ ასევე უნდა გავიხსენოთ ჩვენი პასუხისმგებლობები და მოვალეობები.

ძვირფასო ძმებო!

მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენთვის ყველაზე დიდი წყალობა სიცოცხლეა. სიცოცხლის ყოველი წამი უზომოდ ძვირფასია. ღმერთმა იმიტომ გვიბოძა სიცოცხლე, რომ მისი ყოველი წუთი ღვთის მიერ დადგენილი წესებისამებრ გავატაროთ. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ცხოვრების წესი, რომელიც ღვთისმსახურებაზე, თაყვანისცემაზე, მორჩილებაზე, მაღალ ზნეობაზე, პატიოსნებასა და სიყვარულზე იქნება დაფუძნებული. ღმერთმა ადამიანები მისდამი თავყვანისცემისათვის გააჩინა. ამიტომ უნდა მოვინანიოთ შეცდომები და ღმერთს პატიება შევევედროთ. 

ძვირფასო მორწმუნენო!

ღმერთმა უთვალავი წყალობით აგვავსო. ის გვაძლევს სარჩოს. ბერათის ღამე ის დროა, როდესაც ადამიანმა სულიერი და მატერიალური სარჩოსთვის ღმერთს უნდა შეევედროს. ასევე მადლიერება უნდა გამოვხატოთ იმ უთვალავი წყალობის გამო, რომელსაც ღმერთი ყოველწამიერად გვაძლევს. ასევე გვახსოვდეს, რომ თუ საკვები ბინძურია, ის ჩვენს ჯანმრთელობას დააზიანებს და ასევე, თუ საკვები ალალი გზით არ არის მოპოვებული, ის ჩვენს სულიერებას ხელყოფს.

ძვირფასო ძმებო!

ბერათის ღამე გამჩენის მიერ თავისი მსახურებისთვის სიკეთის მოვლინების ღამეა. სადაც არ უნდა ვიყოთ, რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი პატრონი და მფარველი უზენაესი ღმერთია. ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მისი უზენაესი ნების მიხედვით ხორციელდება. მოდით, ყველამ ერთად ღმერთს შევევედროთ, რათა ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო გადარჩეს და ყველაგან სიმშვიდემ დაისადგუროს.

ძმებო!

ღმერთი ბრძანებს, რომ ის ადამიანებთან ძალიან ახლოსაა. ის ადამიანების ვედრებას ისმენს და ასრულებს. მორწმუნე ვალდებულია მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს და ღმერთს შეევედროს. მისი გულწრფელი მსახურება და ვედრება შესმენილ იქნება. ვედრება ის წყალობაა, რომელიც ჩვენს რწმენას, ჩვენს მსახურებას ამაღლებს. ღმერთი ყოვლად მოწყალეა, მიმტევებელია. 

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენ ახლა ბერათის ღამისა და მოახლოებული რამადანის ბედნიერებას ვიზიარებთ. მოდით, ამ ძვირფასი დროის გააზრებით, ხელები ზეცად აღვაპყროთ და ღმერთს შევევედროთ.

ღმერთო! ჩვენ ეს უბედურება დაგვატყდა, მაგრამ შენ ყოვლად მოწყალე ხარ. ღმერთო, მიიღე ჩვენი ვედრება. შვება მოუვლინე ავადმყოფებს. ღმერთო, დაასრულე ეს განსაცდელი. მოგვეც წყალობა და მოგვიტევე.

 
 
 
 

Comment here