სათაურებიხუტბა

ღმერთსა და მსახურს შორის კავშირი

ღმერთსა და მსახურს შორის კავშირი

ძვირფასო მუსლიმებო!

აიათში, რომელიც წავიკითხე, ღმერთი ბრძანებს:

„ვინც ჰმორჩილებს ალლაჰს თავისი არსით და იგი კეთილის მქმნელია, ის ჩაეჭიდა საიმედო საყრდენს და ალლაჰთანაა ყოველი საქმის აღსასრული!“ (ლოყმან 31/22)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს:

„ვინ მიისწრაფვის ღვთისკენ, ღმერთიც მასთან სიახლოვეს მოისურვებს. ვისაც ღმერთთან სიახლოვე არ სურს, ღმერთიც მასთან სიახლოვეს არ ისურვებს“. (იხ. ბუჰარი, „რიქაქ“ 41; მუსლიმ, „ზიქირ“ 14)

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენი არსებობის ერთადერთი განმსაზღვრელი დიადი ალლაჰია. მისი ერთი ბრძანებით გაჩნდა ცა და დედამიწა და ასევე მთელი ცოცხალი სამყარო. მან არაფრისგან გაგვაჩინა, გვაძლევს არსებობის საშუალებას, გვემხმარება, გვიცავს, გვაცოცხლებს და გვაძლევს სარჩოს.

დილას გაღვიძებიდან ღამით დაძინებამდე, ყოველი ამოსუნთქვისას, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, ყოველი მიღებული გადაწყვეტილებისას ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა გვაკისრია და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას მუდმივად უნდა ვგრძნობდეთ. ჰადისის მიხედვით შუამავალი ბრძანებს: ღვთის წინაშე ადამიანთა ვალდებულება მხოლოდ მისდამი თაყვანისცემაა და ადამიანმა არ უნდა გაუხადოს მას თანაზიარი. ასეთ შემთხვევაში ღმერთი ადამიანს წამებას აარიდებს და სამოთხეში დაამკვიდრებს. (იხ. მუსლიმ, „იმან“ 48)

ძვირფასო მუსლიმებო!

ღმერთი კმაყოფილი იქნება იმ ადამიანებით, რომლებიც გულწრფელად იწამებენ. გულწრფელი რწმენა გულწრფელ ღვთისმსახურებას და მაღალ ზნეობასთან თავსებად ქცევას განაპირობებს. მორწმუნე ადამიანი თავის რწმენასა და ღვთისადმი დამოკიდებულებას გულწრფელ  ღვთისმსახურებასა და სასიკეთო ქცევებში გამოხატავს.

ღმერთი მორწმუნე ადამიანების ვედრებას გაიგონებს და იმედგაცრუებულს არ დატოვებს. ყურანში ნაბრძანებია:

„ნუთუ გეგონათ, რომ სამოთხეში შეხვიდოდით მაშინ, როცა ჯერ არ მოგსვლიათ ის, რაც თქვენს უწინ გარდასულებს  მოევლინათ? მათ უბედურება და გაჭირვება შეეხო და ისე შეირყნენ, რომ შუამავალი და ისინიც, რომელთაც მასთან ერთად ირწმუნეს, ამბობდნენ: როდის შეგვეწევა ალლაჰი? უთუოდ, ალლაჰის შეწევნა ახლოსაა! (ბაყარა 2/214)

 

ასევე, ჰადისის მიხედვით შუამავალი ღვთის ბრძანებას ასე გადმოგვცემს

„მე ისეთი ვარ, როგორიც ჩემს გაჩენილ მონას წარმოუდგენივარ. როცა მახსენებს, მასთან ვიქნები. თუ ის მარტო მახსენებს, მეც მარტო ვახსენებ. თუ ის ხალხში გამიხსენებს, მეც მას იმ ხალხზე უკეთეს საზოგადოებაში გავიხსენებ. თუ ის მისხალით მომიახლოვდება, მე მას არშინით მივუახლოვდები. თუ ის არშინით მომიახლოვდება, მე მას ნაბიჯით მივუახლოვდები. თუ ის ჩემსკენ სიარულით წამოვა, მე სირბილით მივუახლოვდები“. (იხ. ბუჰარი, „თევჰიდ“ 15; მუსლიმ, „ზიქირ“ 21)

ძვირფასო მორწმუნენო!

ადამიანი ზოგჯერ შეიძლება უმადური ან ეგოისტი იყოს, ან მოუთმენლობა გამოიჩინოს. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ! ზოგჯერ გვავიწყდება, რომ გამჩენი მუდმივად ჩვენთანაა, ყოველ წამს გვიყურებს, ყველაფერი ესმის და ჩვენგან სასიკეთო ქცევებს ელოდება. ზოგჯერ ცოდვასაც ჩავდივართ. ზოგჯერ ეს ზოდვა უმეცრებით ან შემთხვევითაა, მაგრამ ზოგჯერ გააზრებულადაც ვაშავებთ. ხშირად ისეთ რამეს ვაკეთებთ, რასაც შემდეგში ვნანობთ ხოლმე.

 მიუხედავად ყველაფრისა ჩვენი ერთადერთი იმედი და თავშესაფარი დიადი გამჩენია. ის ყოვლად შემწყნარებელი და მიმტევებელია. მას უყვარს მიტევება. ჩვენი სიცოცხლის დასასრულამდე შენდობისა და მიტევებისათვის კარები ღია აქვს. ყურანში ნაბრძანებია:

„თქვი: ჰეი, მსახურნი ჩემო, რომელთაც ზღვარს გახვედით საკუთარი თავის საზიანოდ! არ მოიწყვიტოთ იმედი ალლაჰის წყალობისგან. უეჭველად, ალლაჰი მიუტევებს ცოდვებს სრულად, რამეთუ იგია შემნდობი, მწყალობელი“. (ზუმერ 39/53)

ძვირფასო მუსლიმებო!

ყურანი ასევე გვაფრთხილებს:

„და არ იყოთ იმათი მსგავსი, რომელთაც დაივიწყეს ალლაჰი, და დაავიწყა თავიანთი თავი. სწორედ, რომ ისინი არიან გზასაცდენილნი“. (ჰაშრ 59/19)

 

ამ გაფრთხილებას ყურადღებით მოვუსმინოთ და გავითვალისწინოთ. ჩვენსა და გამჩენს შორის არსებული კავშირი უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. მის წინაშე გულწრფელი ღვთისმსახურება უნდა აღვავლინოთ. მხოლოდ მისგან უნდა გვქონდეს შეწევნის იმედი და მხოლოდ მას უნდა ვთხოვოთ დახმარება. ჩადენილი ყველა ცოდვა გულწრფელად უნდა მოვინანიოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთის დავიწყება მის წყალობას დაგვაშორებს. ამის შდეგად კი ამქვეყნად სასოწარკვეთა, ხოლო იმქვეყნად სასტიკი სასჯელი გველოდება.       

Comment here