სათაურებიხუტბა

ღმერთი სუფთაა და სისუფთავე უყვარს.

ძვირფასო მუსლიმებო!

შუამავალს პირველი ღვთიური გზავნილი ჰირას გამოქვაბულში მოევლინა. იმ დღეს დაკისრებული დიდი ვალდებულების განცდით შინ დაბრუნდა და მეუღლეს სთხოვა, რამე დაეფარებინა. ჰზ. ჰატიჯემ თხოვნა შეუსრულა და მის დამშვიდებას შეეცადა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ღმერთმა შუამავალს შემდეგი აიათი მოუვლინა:

ჰეი შენ, სამოსში გახვეულო! წამოდექი და შეაგონე! და ადიდე ღმერთი შენი! და შენი სამოსი განიწმინდე, და სიბილწე განაგდე!“ (მუდდესირ 74/1-5)

ძვირფასო მორწმუნენო!

მუდდესირის სურას ეს აიათები შუამავალს მოუწოდებდა ყურადღება მიექცია ტანისამოსის ანუ გარეგნული სისუფთავისთვის და ასევე აფრთხილებდა შორს ყოფილიყო ყოველგვარი მცდარისა და ცოდვილობისგან. შესაბამისად მუსლიმის ძირითადი მოვალეობებიდან ერთ-ერთი უმთავრესი გარეგნული და შინაგანი სისუფთავეა. შუამავალი გარეგნულ სისუფთავესა და რწმენას შორის კავშირს შემდეგნაირად განმარტავს: „სისუფთავე რწმენის ნახევარია“.  (მუსლიმ, „თაჰარეთ“ 1)

ძვირფასო მუსლიმებო!

როდესაც ადამიანს აქვს საშუალება იყოს მოწესრიგებული, მაგრამ არ აქცევს ყურადღებას, აცვია ჭუჭყიანი ტანსაცმელი, არის დაუბანელი, თმა და წვერი აქვს მოუწესრიგებელი, სახლი დაულაგებელი და ა.შ. ასეთი ადამიანი სხვა ადამიანებისთვისაც და ღმერთისთვისაც მიუღებელია. ღვთის წინაშე წარსდგომა და ღვთისმსახურება მხოლოდ სისუფთავის დაცვის გზითაა შესაძლებელი. დიდი და მცირე განბანვა (ღუსული და აბდესთი) შეუდარებელი სისუფთავის სისტემაა, რომელიც ნამაზის მსგავსად ბევრი სხვა ღვთისმსახურების აუცილებელი პირობაა. სხეულის სისუფთავის დაცვა, პირის ღრუსა და ფრჩხილების მოწესრიგება, კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც აბაზანის მიღება შუამავლის სუნნეთია.

ღვთის სიყვარული სადა, სუფთა და გულწრფელი მსახურებით გამორჩეულ ადამიანებს ერგება: და არ დადგე მასში არასდროს. უეჭველად მეჩეთი, რომელიც დაფუძნდა პირველი დღიდან ღვთისმოშიშობაზე, უფრო ღირსია, რომ დადგე მასში. იქ არიან კაცნი, რომლებსაც უყვართ, რომ განიწმინდონ. და ალაჰს უყვარ განწმენდილები.( თევბე 9/108)

აიათში ქუბას მოსახლეობაა შექებული. შუამავალმა ჰკითხა თუ როგორ იცავდნენ ისინი სისუფთავეს ასე კარგად, რომ ღმერთმა ისინი ყურანში შეაქო. აღმოჩნდა, რომ სისუფთავეს ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ.

ძვირფასო მორწმუნენო!

ცხოვრებაში ყველა სიკეთისა და სილამაზის საფუძველი სიჯანსაღეა, ხოლო სიჯანსაღის საფუძველი კი -სისუფთავე.  წარსულის მსგავსად თანამედროვე ეპოქაშიც გადამდები დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია. გადამდები ვირუსები მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს და მასობრივი სიკვდილიანობის მიზეზი ხდება. ღმერთს მადლობა, ჩვენს ქვეყანაში ლეტალური შედეგი არ დაფიქსირებულა, მაგრამ საკუთარი თავის და სხვათა ჯანმრთელობის დაცვისთვის უფრო მეტი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს.

ძვირფასო მუსლიმებო!

ვირუსებისგან თავის დასაცავად საყოველთაოდ მიღებული პრევენციული ზომები უნდა ვიცოდეთ და უნდა ვითვალისწინებდეთ. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სისუფთავის დაცვას. ხელები დღეში რამოდენიმეჯერ უნდა დავიბანოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს საპნის გამოყენება. დაუბანელი ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს არ უნდა შევეხოთ. დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი სითხე უნდა მივიღოთ. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებისა და ძილის რეჟიმს. ხველისა და ცემინების დროს უნდა გამოვიყენოთ ერთჯერადი ხელსახოცი. თუ ხელსახოცი არ გვაქვს გამოვიყენოთ მოხრილი იდაყვი და გამონატყორცნი ჰაერი მივმართოთ იდაყვის შიდა მხარეს. საცხოვრებელი სივრცე ხშირად უნდა გავანიავოთ. უნდა მოვერიდოთ რელიგიურად აკრძალულ და ჯანმრთელობისთვის საზიანო მავნე ჩვევებს, როგორიცაა სიგარეტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი და სხვა.

ძვირფასო მორწმუნენო!

შუამავალი გვირჩევდა, ავადმყოფობამდე ჯანმრთელობის ფასი იცოდეთო. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს რჩევა გვავიწყდება. ჯანმრთელობის ფასს უმეტესწილად მაშინ ვხვდებით, როდესაც მას ვკარგავთ. არადა სისუფთავის დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება და ამ გზით საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნება ჩვენი ვალდებულებაა. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და შედეგი კი ღვთის ნებაა. შეგახსენებთ შუამავლის სიტყვებს: „ღმერთი ლამაზია და სილამაზე უყვარს. ის სუფთაა და სისუფთავე უყვარს. ის მოწყალეა და ხელგაშლილობა უყვარს“. (იხ. მუსლიმ, „იმან“ 147; თირმიზი, „ედებ“ 41)

დიად ღმერთს ვევედრებით ჩვენი ქვეყანა, მთელი ისლამური სამყარო და მთელი კაცობრიობა ეპიდემიისა და სხვა უბედურებებისგან დაიფაროს.

 

Comment here