სათაურებიხუტბა

ღმერთი სისუფთავეს ბრძანებს

ძვირფასო მუსლიმებო!

აიათის მიხედვით ღმერთი ბრძანებს:

„უეჭველად,  ალლაჰს უყვარს მომნანიებელნი და უყვარს განწმენდილები!“
(ბაყარა 2/222)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი გვასწავლის: „სისუფთავე რწმენის ნახევარია“.
(იხ. მუსლიმ, „თაჰარეთ“ 1)

ძვირფასო მორწმუნენო!

სისუფთავე არის მოთხოვნილება, რომელიც ადამიანის ბუნებაში, მის არსშია წარმოდგენილი. ადამიანს სისუფთავე, სისადავე და სილამაზე შეჰფერის. ჩვენი სარწმუნოება, ისლამი, სისუფთავეს რწმენის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ის მოგვიწოდებს გავთავისუფლდეთ ფიზიკური და სულიერი ჭუჭყისაგან და ცხოვრების ყველა სფეროში სისუფთავე, უბრალოება და სიწმინდე შევინარჩუნოთ.

ძვირფასო მუსლიმებო!

სისუფთავე როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად გვალამაზებს. სულიერი ჭუჭყი კი სულს ღლის და გულის სარკეს ალაქავებს. გარეგნული და შინაგანი სისუფთავე ადამიანს სიმშვიდეს მოჰგვრის.

სისუფთავე მსახურებისთვის აუცილებელი პირობაა. ცოდვებისა და არამისგან თავშეკავება სულიერი განწმენდის საწინდარია. ჩვენ უნდა შევძლოთ და დავძლიოთ ყოველგვარი ნეგატიური დამოკიდებულებები, როგორიცაა შური, ბოღმა, მრისხანება, სიძულვილი, ტყუილი, ცილისწამება, ამპარტავნება, თვალთმაქცობა და ა.შ. ყველა ესენი სულიერი დაავადებებია და მორწმუნე მათგან უნდა განიკურნოს.

ძვირფასო მორწმუნენო!

სულიერი სიწმინდის კვალდაკვალ მორწმუნე გარეგნულ სისუფთავესაც დაიცავს. მორწმუნემ იცის, რომ ჰიგიენის დაცვა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ღვთის მიერ მობარეული ამანათია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. სარწმუნოების დედაბოძი ნამაზია. ნამაზს კი გააჩნია პირობები, რომლებიც სისუფთავეზე გადის. მორწმუნე ნამაზის ლოცვამდე განბანვას ასრულებს, რაც ჰიგიენური თვალსაზრისით დიდად მნიშვნელოვანია და ამას დღეში ხუთჯერ აკეთებს. მორწმუნე ასევე ვალდებულია დაიცვას, როგორც ტანისამოსის, ისე გარემოს სისუფთავე.

ძვირფასო მორწმუნენო!

შუამავალი ბრძანებს, რომ ერთ-ერთი წყალობა, რომლის ფასიც ადამიანმა არ იცის, ჯანმრთლეობაა. (იხ. ბუჰარი, „რიქაქ“ 1). ამ მიმართულებით უპასუხიმგებლო დამოკიდებულება და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება საბოლოო ჯამში სანანებელი გახდება.

გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ ყურადღებით მოვეკიდოთ მიმდინარე ეპიდ-სიტუაციას, რადგან ყოველდღიურად გადამდებ ვირუსთან გვიწევს ბრძოლა. ყურადღებით დავიცვათ რეკომენდაციები. გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია. გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მხრივ უპასუხისმგებლობა ღვთის წინაშე ცოდვაში ჩაგვაგდებს.   

Comment here