ამბებისათაურები

ღვთიური შეგონების შესმენა!

ყოველი მოვლენის ანალიზისას მის ხილულ მიზეზებს იკვლევენ, მაგრამ უკანა პლანზე აუცილებლად არის ფარული მიზეზებიც.

ღმერთმა სამყაროში ზოგი რამ გარკვეულ ციკლს დაუქვემდებარა, მაგალითად როგორიცაა მზის ამოსვლა და ჩასვლა. ასეთი მოვლენები გარკვეული კანონზომიერებისა და პერიოდულობის ფარგლებში მეორდება, ამიტომ სრულიად ბუნებრივად მივიჩნევთ.

ამასთანავე ღმერთმა ბევრი რამ ამგვარი პერიოდულობის გარეშე შექმნა და ისინი უეცრად ვლინდებიან. ასეთი მოვნებებია მიწისძვრები, ცუნამები, ღვარცოფები, გვალვები, ხანძრები და სხვა მსგავსი.

ამ ყველაფრით ღმერთი თავის ყოვლისშემძლეობასა და ადამიანთა უმწეობას გვახსენებს. ამით ის ადამიანებს ფიქრისკენ, მონანიებისკენ, საკუთარი თავისა და სამყაროს აღქმისკენ უბიძგებს.

ერთ-ერთ წმინდა ჰადიში ნაბრძანებია:

„როდესაც ხალხში მრუშობა და სიძვა გავრცელდება და ბოლოს ადამიანები ამ ცოდვის ჩადენას აშკარად დაიწყებენ, აუცილებლად გაჩნდება გადამდები დაავადებები და ასევე გავრცელდება ისეთი დაავადებები, რომლებიც ადრე მცხოვრებ ხალხში არ ყოფილა“. (იხ. იბნ მაჯე, „ფითენ“ 22; ჰაქიმ, 4, 583/8623; ბეიჰაქი, შუაიბ, 3, 197).

არც თუ ისე შორეულ წარსულში გაჩნდა “HIV”ვირუსი, რომელიც იწვევს შიდსის დაავადებას. ამ უკანასკნელმა დღემდე 30 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაღალი  ტრადიციული და რელიგიური მგრძნობელობის მქონე ქვეყნებში კი ეს დაავადება თითქმის არ დაფიქსირებულა.

სანამ მედიცინა ამ ვირუსს ებრძვის და სამკურნალო საშუალებებს იგონებს, ამასობაში სხვა ახალი ვირუსი ჩნდება. 

დღესაც მსოფლიოში ახალი ვირუსი გამოჩნდა. რაოდენ დასაფიქრებელია, რომ თვალით უხილავი ვირუსი ადამიანის სხეულს ამარცხებს და კლავს. უფრო მეტიც, ამ ვირუსმა ქვეყნები პანიკაში ჩააგდო და მოწინავე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებსაც კი კრიზისი შეუქმნა. ვირუსმა თავდაყირა დააყენა ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი სფერო; განათლება, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ჯანდაცვა და სხვა.

ბუნებრივია ვირუსისგან თავის დასაცავად უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, დავიცვათ პირადი ჰიგიენა და ყველა სხვა პრევენციული ხასიათის ზომები. როდესაც ეპიდემია ჩნდებოდა, შუამავალიც კარანტინს აცხადებდა. ამდენად პრევენცია და სიფრთხილე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამასთანავე, ჩვენ, როგორც მორწმუნეებს შეგვეფერება, ზედმეტი შფოთვისა და პანიკის გარეშე მთელი არსებით ღვთის ნებას უნდა მივეკედლოთ. მისი ნება უზენესია და ის უპირობოდ უნდა მივიღოთ. სულიერი პრევენციის მიზნით კი ვედრება, მონანიება, ღვთის სადიდებელი და მოწყალება უნდა განახშიროთ.

ამავდროულად, რა უცნაურია, როცა ჯერ არც  კი ვიცით ეს ვირუსი შეგხვდება თუ არა და ამდენს ვნერვიულობთ და ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს ვარღვევთ, მაშინ, როცა დარწმუნებული ვართ, რომ ბოლოს მაინც მოვა აღსასრული და ერთ დღეს აუცილებლად მოვკვდებით. ამ უკანასკნელის გამო არ ვნერვიულობთ. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში საიქიოსთვის მზადება რა ადგილს იკავებს?! რა პრევენციული სახის გეგმები გვაქვს საიმისოდ, რომ საიქიოში არ შევრცხვებით და არ ვინანებთ?! ნეტა საკმარისად თუ ვირჯებით საიმისოდ, რომ ჩვენ, ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი ცოდვილობისგან და საბედისწერო ზიანისგან დაცულნი ვიყოთ?!

გვახსოვდეს, ასეთი ვირუსებისგან მოსალოდნელი ზიანი მხოლოდ ამქვეყნიურ ყოფას შეეხება, ამგრამ ურწმუნოება და სინდისისგან განდგომილობა, რომელიც სულს ანადგურებს, ადამიანის მუდმივ სამყოფელს, ანუ მის საიქიო მდგომარეობას ანადგურებს. ღმერთმა დაგვიფაროს!

Comment here