სათაურებიხუტბა

ღვთიური სარწმუნოების ამაღლების მცდელობა

ძვირფასო მუსლიმებო!

მოცემულ აიათში უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

„და სხვა, რაც გიყვართ: შეწევნა ალლაჰისგან და ახლო გამარჯვება. და ახარეთ მორწმუნეთ!“ (საფ 61/13)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს:

„ვინც ღვთის სარწმუნოების ამაღლებისა და განმტკიცებისათვის იბრძვის, ღვთის გზაზეა“. (იხ. ბუჰარი, „თევჰიდ“ 28)

ძვირფასო მორწმუნენო!

აგვისტოს თვე მრავალი წარმატების მოწმეა. ვიბრძოდით რწმენისათვის, ვიჩენდით სიმტკიცეს და მოთმინებას და იმედი არასოდეს დაგვიკარგავს. შედეგად კი მივიღეთ მრავალი წარმატება, რომელიც ისლამის გაძლიერების გზაზე მნიშვნელოვანი წინსვლა იყო.

ძვირფასო მორწმუნენო!

სამშობლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებათაგანია, რომელიც ღმერთმა ადამიანს უწყალობა. სამშობლო საკუთარი ბუდეა, უსაფრთხოებაა, სიმშვიდეა, იმედია, ღირსება და ნამუსია. სამშობლოს გადარჩენისთვის მრავალ გმირს უბრძოლია და ეს ქვეყანა მათი მემკვიდრეობაა.

შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ფასი ჩვენი სამშობლოსი, სადაც მშვიდად გვძინავს და დილით თავისუფლები ვიღვიძებთ. სამშობლოს სიყვარულით შთაგონებულებს მისთვის შრომა და თავგანწირვა არ უნდა დაგვეზაროს და მუდმივად, დღე და ღამ მისი სიკეთის, ბედნიერებისა და გაბრწყინებისათვის უნდა ვიზრუნოთ. ყველა სარგებელზე მეტად კი ჩვენი ერთიანობა და ძმობა უნდა დავაფასოთ. ჩვენი სამშობლოს თითოეული მტკაველი მიწა და თითოეული თანამემამულე უნდა დავიცვათ და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი წმინდა მოვალეობაა.

ძვირფასო მორწმუნენო!

გასულ კვირას ჰიჯრით ახალი წელი დადგა. მუჰარრემის მთვარის მე-10 დღეს კი აშურა დღეა. შუამავალი ბრძანებს:

„იმედი მაქვს, რომ აშურა დღეს დაცული მარხვა გასული წლის ცოდვებს გამოისყიდის“. (იხ. თირმიზი, „სავმ“ 48)

შუამავალი გვირჩევდა, რომ აშურა დღეს მუჰარრემის თვის მე-9 ან მე-11 დღე დავამატოთ და 2 დღე ვიმარხულოთ.  (იხ. იბნ ჰანბელი 1. 240)

აშურა დღე აგრეთვე ჰზ. ჰუსეინისა და მასთან ერთად კიდევ 70-ზე მეტი ადამიანის მუხანათურად მკვლელობის გამო, დიდი ტრაგედიის დღეა. ამ სამწუხარო მოვლენამ ყველა ის ადამიანი სიღმისეულად შეძრა და გული ატკინა, რომლებსაც ღვთისა და შუამავალის სწამდათ. იმ დღიდან მოყოლებული, ყოველი მუსლიმი მწუხარებით იხსენებს ამ მძიმე ტრაგედიას.

დღეს ამ ტრაგიკული მოვლენის სწორად შეფასებაა საჭირო და ჩვენ ყველამ ამ მოვლენისგან შესაბამისი მაგალითი უნდა ავიღოთ. ჩვენი ვალია სწორად შევაფასოთ ეს მოვლენა და ისტორიული ტრაგედიისგან ახალი ტრაგედიები კი არ შევქმნათ, არამედ გავერთიანდეთ და ეს  ერთიანობა შევინარჩუნოთ.

ამრიგად,  მოდით, ერთი რწმენით, ერთი ტკივილითა და მონატრებით სავსე გულები გავაერთიანოთ. გვახსოვდეს ჰზ. ჰუსეინი. ერთმანეთს გული გადავუშალოთ და სიყვარულით ხელიხელჩაკიდებულებმა ვიცხოვროთ. 

Comment here