სათაურებიხუტბა

ტექნოლიგიებზე დამოკიდებულება და სოციალური მედიის გამოყენების მორალი

ძვირფასო მუსლიმებო!

ჩვენი სარწმუნოების ძირითადი მიზანი არის ადამიანის, როგორც დედამიწაზე გაჩენილთა შორის ყველაზე პატივდებული არსების; სიცოცხლის, საკუთრების, აზროვნების, ნამუსისა და რწმენის უსაფრთხოების დაცვა. ისლამის მიხედვით ეს ხუთი ძირითადი ღირებულება ხელშეუხებელია. რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, მათგან რომელიმეს ხელყოფა, კატეგორიულად მიუღებელია. აღნიშნული მდგომარეობა ვრცელდება ყველა სფეროზე, მათ შორის ისეთებზე, როგორიცაა ტექნოლოგია, ინტერნეტი, ხელოვნება და სხვა.

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენი სარწმუნოება ტექნოლოგიას დადებით მოვლენად მიიჩნევს. ტექნოლოგიების ისე გამოყენება, რომ არ ეწინააღმდეგებოდეს რელიგიურ პრინციპებს, მორალს და გონიერებას, მისაღები და მისასალმებელია. ამ სფეროს უმიზნოდ, უსარგებლოდ და უკონტროლოდ გამოყენება კი ისლამის იმ ხუთი ძირითადი პრინციპის დარღვევის ალბათობას ქმნის. ტექნოლოგიების გაუცნობიერებელმა გამოყენებამ შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობაც დააზიანოს და ასევე გამოიწვიოს ფინანსების ფუჭი ხარჯვაც. ტექნოლოგიების უკონტროლო გამოყენება ასევე აადვილებს ამორალობის გავრცელებას, რაც საბოლოოდ რწმენის სიჯანსაღეს დააზიანებს. ტექნოლოგიებზე ზომაგადასული დამოკიდებულება ასუსტებს აზროვნებას და ადამიანს აზარმაცებს.

 ძვირფასო მუსლიმებო!

ღმერთმა ადამიანს უბოძა გონიერება და ასევე რესურსები, რის შედეგადაც ადამიანმა შეძლო ტექნოლოგიის შექმნა და განვითარება. ადამიანი ვალდებულია ეს შესაძლებლობა სასიკეთო მიმართულებით გამოიყენოს. თუ ადამიანი ტექნოლოგიას ალალი სარჩოს მოპოვების მაგივრად აზარტული თამაშების პოპულარიზაციისა და გავრცელებისთვის და  ადამიანის ღირსების დაცვის მაგივრად უზნეობის გავრცელებისთვის გამოიყენებს, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი სავალალო შეცდომას სჩადის. ეს ნიშნავს, რომ ის საკუთარი ხელით ავრცელებს უზნეობას და მომავალს საფრთხეში აგდებს. მეორეს მხრივ, თუ ადამიანი მთელ თავის ნაყოფიერ დროს ტელევიზორის, ტელეფონის და ინტერნეტის ეკრანის წინ ხარჯავს, ეს ნიშნავს, რომ ის უსამართლოდ ექცევა, როგორც საკუთარ თავს, ისე ოჯახსა და რაც მთავარია უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ავლენს გამჩენის მიმართ. სამწუხაროდ მომრავლდა ოჯახები, სადაც ოჯახის წევრები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, მაგრამ  გაუცხოებულნი არიან. ტექნოლოგიის დადებითი შედეგი ის უნდა ყოფილიყო, რომ ადამიანს დრო მოეგო და საქმე სწრაფად გაეკეთებინა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ტექნოლოგიური საშუალებები ადამიანს უფრო მეტ დროს აკარგვინებს. ტექნოლოგიები გახდა მახე, რომელსაც ადამიანთა ძვირფასი დრო უმოწყალოდ მიაქვს. შუამავალი გვაფრთხილებს:

„არსებობს ორი წყალობა, რომელთა მიმართებაში ადამიანთა უმრავლესობა სცდება: ჯანმრთელობა და თავისუფალი დრო“. (ბუჰარი, „რიქაქ“ 1).

 

ძვირფასო მორწმუნენო!

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინტერნეტსა და სოციალურ მედიას. ჩვენ ეს სფერო უმიზნოდ და უპასუხისმგებლოდ არ უნდა გამოვიყენოთ. მუსლიმ ადამიანს ყოველთვის გააზრებული და პასუხისმგებლობით აღსავსე ქცევა შეჰფერის. მუსლიმი ღვთის მიერ დადგენილ საზღვრებს არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს. მუსლიმი ადამიანი ყველანაირ სიტუაციაში სიმართლისა და სიკეთის მხარეს უნდა დადგეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის უფლებები ვრცელდება არა მხოლოდ რეალურ ყოველდღიურობაში, არამედ სოციალურ ქსელებსა და ზოგადად სოციალურ მედიაში. როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე სოციალურ მედიაშიც ადამიანის უფლებების ხელყოფა კატეგორიულად მიუღებელია. ასევე ნუ დაგვავიწყდება ღვთიური ბრძანება:

„და არ გამოიკვლიოთ ერთიმეორის შეცდომები და არ გაკილოთ ზურგსუკან“ (ჰუჯურათ 49/12)  

ყოველდღურ ცხოვრებაში ტყუილის თქმა, ერთმანეთის მიმართ შუღლის გაღვივება და ცილისწამება როგორი ცოდვა და მიუღებელიცაა, ისეთივე ცოდვაა ამ ყველაფრის გაკეთება სოციალურ მედიაში. ღმერთი ჩვენს ქცევებს ყველაგან ხედავს. იქ ნათქვამი სიტყვა და ქცევა ისეთნაირადვე გახდება განკითხვის საგანი, როგორც რეალურ ცხოვრებაში. ხუტბას დასაწყისში წაკითხულ აიათში ღმერთი ბრძანებს:

არ მისდიო იმას, რისი ცოდნაც არ მოგეპოვება შენ. უეჭველად, ყურის, თვალის და გულისგან, ყველასგან პასუხი მოეკითხება!“ (ისრა 17/36).

 

ძვირფასო მუსლიმებო!

ბუნებრივია, დღეს ტექნოლოგიის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. რა თქმა უნდა ისლამიც მსგავს რამეს არ ითხოვს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ტექნოლოგიები ისე გამოვიყენოთ, რომ ადამიანთა უფლებები არ დავარღვიოთ და არც ცოდვა ჩავიდინოთ. ტექნოლოგიების გამოყენების დროს ეს უნდა ვიცოდეთ და ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობდეთ. ამ გზით დროის დაზოგვასა და მის უფრო აზრიანად გამოყენებასაც შევძლებთ. ჩვენ ტექნოლოგიების გამოყენებით შეგვიძლია სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ. საკმარისია ტექნოლოგიები და სხვა ღვთიური წყალობა ღვთის მიერ დადგენილი წესებისამებრ მოვიხმაროთ.

Comment here