სათაურები

სხეულის დასაფარი ნაწილები და სარწმუნეობის წესისამებრ ჩაცმა

 

ძვირფასო მუსლიმებო!

აიათში, რომელიც წავიკითხე, უზენაესი ბრძანებს:

„ჰეი, ადამის შვილნო! ჩვენ მოგივლინეთ თქვენ სამოსი თქვენთა სარცხვინებელთა დასაფარად და შესალამაზებლად, და ღვთისმოშიშობის სამოსელი, სწორედ ესაა უკეთესი. აი, ესაა ალლაჰის აიათები, ეგების გულისხმაჰყონ მათ!“ (არაფ 7/26)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს: „ღმერთი შემწყნარებელია, ლმობიერია და ნაკლოვანებათა დამფარველია. მორიდებულობა და კრძალვა უყვარს“. (იხ. ნესაი, „გუსულ“ 7)

 

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენი სხეულები, ისევე როგორც სულები, ჩვენთვის ღვთიური წყალობა და პასუხისმგებლობაა. ყოველი ადამიანი, ქალი იქნება თუ კაცი, ვალდებულია გაიაზროს და გაითვალისწინოს ეს პასუხისმგებლობა. როგორც ყველა სხვა წყალობა, ჩვენი სხეულიც ჩვენზე მობარებული ამანათია და ჩვენ ვალდებულნი ვართ გავუფრთხილდეთ მას. ამ პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი გაუფრთხილდება სხეულს და ამავდროულად სასიკეთო მიმართულებით გამოიყენებს. უნდა გვახსოვდეს, მოვა დრო, როდესაც ჩვენ, სხვა ყველაფერთან ერთად, იმისათვისაც განვიკითხებით, თუ სად და როგორ გამოვიყენეთ სხეული.

ძვირფასო მორწმუნენო!

სხეულთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ხსენებისას, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოების წესისამებრ ჩაცმა გვახსენდება. სარწმუნოების მიერ დადგენილი წესისამებრ ჩაცმა რელიგიური ვალდებულება და მორალური ქცევაა.

სწორად ჩაცმით ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავის სასიკეთოდ მოქმედებს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ პიროვნებას აფასებს. სხეულის გარკვეული ნაწილების დაფარვა ჩვენში არსებული სირცხვილის გრძნობისა და მორიდებულობის გამოვლინებაა. სირცხვილის გრძნობისა და მორიდებულობის საფუძველი კი, როგორც შუამავალი ბრძანებს, რწმენაა. ადამიანს დაბადებისთანავე ნაჭერში ახვევენ და დედას აბარებენ, სიკვდილის შემდეგაც ასევე ნაჭერში ახვევენ და მიწას აბარებენ.

 

ძვირფასო მუსლიმებო!

მორწმუნე ადამიანი ვალდებულია პატივისცემით მოიპყრას როგორც საკუთარ, ისე სხვათა სხეულებს. ადამიანმა სარწმუნოების მიერ დადგენილი წესისამებრ უნდა ჩაიცვას, რათა თავი დაიცვას არასასურველი მზერისაგან და ასევე არც სხვას უნდა შეხედოს. მორწმუნე ადამიანმა სხვა ადამიანები არ უნდა შეაწუხოს. ყურანში ნაბრძანებია:

 

„უთხარი მორწმუნე კაცებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათნი. ეს უფრო წმინდაა მათთვის. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც ისინი სჩადიან.

და უთხარი მორწმუნე ქალებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათნი და არ გამოაჩინონ თავიანთი სამშვენისები, გარდა მოჩანს რაც მისგან; დაფარონ საბურველით გულმკერდი და არ დაანახონ თავიანთი სამშვენისები არავის, გარდა ქმრისა, მამისა, მამამთილისა, ვაჟიშვილებისა, ქმრის ვაჟიშვილებისა, ძმებისა და ძმათა და დათა ძმებისა, მათი ქალებისა, მხევლებისა, რომლებიც მათმა მარჯვენამ მოიპოვა, მამაკაცი მსახურებისა, რომლებსაც ქალის სურვილი არ გააჩნიათ, ბავშვებისა, რომლებიც ქალის სიშიშვლეს ვერ ამჩნევენ. და არ გადადგან ფეხი ისე, რომ არ გამოაჩინონ ის, რაც უნდა დამალონ. ჰეი მორწმუნენო! ერთბაშად შესთხოვეთ ალლაჰს მოტევება, ეგებ იქმნათ ნეტარნი! (ნურ 24/30-31)

აიათით სრულიად ნათელია, რომ სწორად ჩაცმისა და მორიდებულობის საკითხში ღმერთი ადამიანებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. აკრძალულზე თვალის არიდება და სწორად ჩაცმა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. გარდა ჩაცმულობის მიმართ ყურადღებისა, ასევე მნიშვნელოვანია მზერის, გულისა და ფიქრის სწორი მიმართულებით წარმართვა და ცოდვებისგან თავის არიდება.

ძვირფასო მორწმუნენო!

პატიოსნება ქალის, კაცის, მოხუცის თუ ახალგაზრდის, მოკლედ ყველას გამორჩეული თვისებაა და ის ყველას შვენის. ნამუსის ხელშეუხებლობა მნიშვნელოვანი ღირებულებაა.  ამ ღირებულების დაცვა ყველა ჩვენთაგანის ვალია.

ძვირფასო მორწმუნენო!

 მორწმუნის მიერ სწორად ჩაცმა და არამზე მორიდება, უპირველეს ყოვლისა, ღვთისადმი პატივისცემისა და პასუხიმგებლობის გამოხატულებაა. ეს სხეულები ღმერთმა გვიწყალობა და სწორად მოქცევაც გვასწავლა. ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ღმერთი ჩვენგან კმაყოფილი იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეულებიც და სულებიც  დაცულია. ჩვენს შვილებს ადრეულ ასაკში უნდა ვასწავლოთ სწორად ჩაცმა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღირსეულ საზოგადოებად რომ ჩამოვყალიბდეთ, ამისათვის აუცილებელია მორალური, სულიერი და კულტურული ღირებულებების დაცვა.    

Comment here