სათაურებიხუტბა

სულიერი სიმშვიდის პერიოდში შესვლა

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვესწარით იმ ძვირფას პერიოდში შესვლას, რასაც სამთვეული ჰქვია. სულ მალე რეჯების მთვარის პირველი დღე დადგება. მომავალი კვირის ხუთშაბათ საღამოს კი რეღაიბის ღამეა. მრავალგზის მადლობა უზენაესს, რათა ამ ძვირფას წყალობას დაგვასწრო. ვლოცავთ და ვესალმებით ძვირფას შუამავალს, რომელმაც ისლამი გაგვაცნო და ამ სარწმუნოების უბადლო სილამაზით აგვავსო. ვულოცვა მთელ ერსა და ისლამურ სამყაროს ესოდენ მნიშვნელოვანი პერიოდის, სამთველის მობრძანებას!

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი
სიცოცხლის ყოველი წამი ძვირფასია. ამასთანავე არსებობს კონკრეტული დროები, როდესაც ღვთის მიერ განსაკუთრებული მადლითა და წყალობით ხასიათდება. სწორედ ასეთი დროა რეჯების, შაღბანისა და რამადანის თვეები. ეს განსაკუთრებული დრო ჩვენი სულიერი ამაღლებისა და მადლის მოგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ეს სამთვეული საუკეთესო პერიოდია საიმისოდ, რომ ადამიანმა საკუთარ ცხოვრებასა და ამ წუთიერ ცხოვრებაზე დაფიქრდეს. ეს არის სულიერი სიძლიერისა და რწმენის განახლების საუკეთესო პერიოდი.

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანში ნაბრძანებია:

თქვი: ჰეი, მსახურნი ჩემო, რომელთაც ზღვარს გახვედით საკუთარი თავის საზიანოდ! არ მოიწყვიტოთ იმედი ალაჰის წყალობისგან. უეჭველად, ალაჰი მიუტევებს ცოდვებს სრულად, რამეთუ იგი შემნდობი, მწყალობელი.(ზუმერ 39/53)

მოდით მადლიერება გამოვხატოთ ღვთის წინაშე, რათა ამ ძვირფას დროს დაგვასწრო და ულევი წყალობით სარგებლობის შესაძლებლობას გვაძლევს. მოდით, მოვინანიოთ ყველა შეცდომები, ცოდვები, მავნე ჩვევები და საკუთარი სულიერი მდგომარეობის გამოსწორებაზე ვიზრუნოთ. მუდმივად იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ღმერთი მოგვიტევებს და სწორი გზით სვლაში დაგვეხმარება. მოვინანიოთ, რათა გულშ ჩაბუდებული ჭუჭყი ჩამოვიცილოთ და სულიერი განახლება ვჰპოვოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ამ ძვირფას თვეებში მთელი ჩვენი არსებით ღმერთს უნდა მივეკედლოთ. ყოველი ჩვენი სიტყვისა თუ ქცევის მიზანი მისი კმაყოფილების მოპოვება უნდა იყოს. გაუხეშებული გულები მოვილბოთ, უსარგებლო საქმეებს და ფუჭსიტყვაობას დრო აღარ დავახარჯოთ და მხოლოდ ისეთი ცხოვრების წესი დავიდგინოთ, რომელიც სულიერად გაძლიერებაში დაგვეხმარება. აქვე გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი შუამავლის ვედრება:

ღმერთო! დაგვილოცე რეჯებისა და შაღბანის თვეები და დაგვასწარი რამადანს! (იხ. თაბერანი, ელ მუჯემულ ევსათ, 4, 189; აჰმედ ბინ ჰანბელი, 1, 259)  

Comment here