სათაურები

საუკეთესო მორალი

პროფ. ალი ერბაში
რელიგიის საქმეთა მინისტრი

მატერიალურ სამყაროში ადამიანის მნიშვნელობის განმსაზღვრელი მისი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი მთავარი პრინციპი კი მისი ის განსაკუთრებული თვისებებია, რომლებიც მას ბუნებასა და სამყაროსთან დამოკიდებულებაში მიზნის შესაბამისად მოქცევას უზრუნველყოფს. ამ თვალსაზრისით ადამიანისთვის საუკეთესო გზამკვლევი და იდეალური ქცევის კოდექსი ღვთიური გზავნილია, რომელიც ჩვენამდე შუამავლის მეშვეობით მოდის. ღვთიური გზავნილის უკანასკნელი და უნივერსალური წიგნი ყურანია, ხოლო უკანასკნელი შუამავალი მუჰამმედია. ამრიგად, ადამიანები ყურანისა და სუნას მოძღვრებით სწორად ცხოვრებისთვის აუცილიბელ ღირებულებებს სწავლობენ და საუკეთესო მორალზე დაფუძნებულ ცხოვრების წესს ითვისებენ.  

საუკეთესო მორალის მიღებისა და განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას რწმენა წარმოადგენს, რაც ამქვეყნიურ და საიქიო ცხოვრებას აზრს სძენს. ამის შემდეგ მოდის ღვთისმსახურება, რომელიც ადამიანობისა და ადამიანის ღმერთთან სიახლოვის საუკეთესო გამოხატულებაა. ეს ორი ღირებულება, რომლებიც იმდენად ახლოა ადამიანთან, როგორც მისი გულის მკვებავი სისხძარღვები, საუკეთესო მორალის ძირითადი საფუძვლებია. საუკეთესო  მორალი რწმენისა და ღვთისმსახურების შედეგად წარმოქმნილი ქცევების სახით ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სათანადოდ აისახება. გამომდინარე აქედან, რაოდენაც მტკიცე იქნება რწმენა და ღვთისმსახურების გულწრფელობა, იმდენად ამაღლებული იქნება ზნეობაც. რწმენა, და ღვთისმსახურება, რომლებიც ზნეობაში არ აისახება, მხოლოდ და მხოლოდ ფასადური და ზედაპირული შინაარსის იქნება. ეს უკანასკნელი კი რწმენის გულწრფელობას აზიანებს და მის მოჩვენებით, თვალთმაქცურ მიმართულებას წარმოაჩენს. როდესაც რწმენას საფუძვლად გულწრფელობა აღარ ექნება, ეს დააკლდება ღვთისმსახურებასაც, რაც მის ძირითად ფუნქციას, მასში არსებულ სიბრძნესა და სარგებელს გააცამტვერებს. ამრიგად, მტკიცე რწმენა, რომელიც გულწრფელ ღვთისმსახურებას წარმოშობს, უმნიშნელოვანესი ფაქტორია საუკეთესო ზნეობის ჩამოყალიბებისათვის, ხოლო შემდეგ საუკეთესო ზნეობა შესაბამის ქცევებში აისახება.  

სწორედ მაღალი ზნეობაა ის ფაქტორი, რომელიც ადამიანის ბუნებას სწორი გზით წარმართავს და მისი ქცევების ყოველგვარი უზნეობისა და მანკიერებისგან  დაცვას უზრუნველყოფს. ეს ფაქტორი ადამიანებს შორის ურთიერთობის საუკეთესო მარეგულირებელია. ისლამი გვასწავლის ერთი ღმერთის რწმენას, რომელიც მაღალი ზნეობის საფუძველი ხდება და ეს მაღალი ზნეობა მაღალი ღირებულებების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას აჯანსაღებს. რა თქმა უნდა, ჩვენი წმინდა წიგნის, ყურანის ძირითადი მიზანიც მაღალი ზნეობის მატარებელი ადამიანისა და საზოგადოების ჩამოყალიბებაა. ისლამის ღირებულებების ჩამოყალიბების პირველი სივრცე მექა იყო. პირველი მუსლიმების მთავარი საერთო თვისებები გულწრფელი რწმენა, ერთგულება, მოთმინება, თავდადება და ამ თვისებებით შემკული მაღალი ზნეობა იყო. ამ სულით მუსლიმებმა მტკიცე ხასიათი შექმნეს და მაღალი ზნეობის მეშვეობით იდეალური საზოგადოებრივი წესრიგი მიიღეს.  

ჩვენს სარწმუნოებას ადამიანში არსებული სიკეთის საგანძური გარეთ გამოაქვს და სიკეთით აღსავსე გარემოს ქმნის. ამ მაღალი მიზნის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისლამის შუამავლის არსებობა, მისი სამაგალითოება და მის მიერ გაწეული ბრძოლაა. შუამავალები იღებენ ღვთიურ გზავნილს, გვეხმარებიან ამ გზავნილის სწორად გაგებასა და ცხოვრების წესად ქცევაში და ამავდროულად თავიანთი მაღალი ზნეობითა და სამაგალითოებით ჩვენი სიკეთის ჰორიზონტს აფართოებენ. ყურანში შუამავლის შესახებ წერია, რომ ის საუკეთესო ზნეობის მატარებელია. (იხ. ქალემ 68/4). თავად შუამავალიც ბრძანებს, რომ საუკეთესო ადამიანი ისაა, რომელსაც საუკეთესო ზნეობა გააჩნია. (იხ. აჰმედ ბინ ჰანბელი, ელ მუსნედ 14/513). ამდენად, სრულიად ნათელია თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზნეობას.

თანამედროვე ეპოქაში ყველაფერი დაჩქარებულია. იმდენად მაღალია ტემპი, რომ ადამიანებს ზნეობრივი ღირებულებების შენარჩუნება და თაობიდან თაობაზე გადაცემის მოსწრება უჭირთ. აღნიშნული პრობლემა ზნეობრივი სტაგნაციის საფრთხის წინაშე გვაყენებს. ეს გამოიხატება როგორც ინდივიდუალური, ისე გლობალური თვალსაზრისით. ზნეობრივი ღირებულებების უგულებელყოფა ძირითადად ისეთ გეოგრაფიულ არეალში ხდება, სადაც რელიგიური ფაქტორები უკანა პლანზეა გადაწეული. თუ გვინდა, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სიკეთემ დაისადგუროს და ბოროტება აღმოიფხვრას, გულწრფელ რწმენაზე დამყარებული მაღალი ზნეობა უნდა ჩამოყალიბდეს და საზოგადოებრივი ცხოვრება მაღალ ღირებულებებზე იქნას დაფუძნებული.  

ჩვენთვის, მუსლიმებისთვის მაღალი ზნეობა უძვირფასესი სამკაულია. ის ჩვენი ცხოვრების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამ გზით ყურანისა და სუნას მოძღვრების მიზანს ვაღწევთ და შედეგად ღირსებით აღსავსე საზოგადოებას ვიღებთ. თუ ამ იდეალებს დავშორდებით, დედამიწაზე სიკეთე გაიშვიათდება და მის ადგილს ბოროტება დაიკავებს. სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში, მათ შორის მუსლიმურ სამყაროშიც კი ზნეობრივი ეროზია მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ზნეობრიობის შესუსტებამ გამოიწვია, რადგან საზოგადოებრივი ცხოვრების წესი ზნეობრივ ღირებულებებზე უფრო და უფრო ნაკლებადაა დამყარებული. გამომდინარე აქედან, მთელი კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის მტკიცე ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ჩვენ უნდა გავამყაროთ მორალური ღირებულებები, როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ და გლობალურ დონეზე. საამისოდ მხოლოდ რომელიმე მიმართულებით მცდელობა საკმარისი არ იქნება. საჭიროა სრული გამოღვიძება, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. შედეგად კი საზოგადოებრივ ცხოვრებაში საუკეთესო ზნეობის ჰეგემონია დამკვიდრდება.

დღეს კაცობრიობას სასიცოცხლოდ სჭირდება ის ღირებულებები, რომლებსაც ისლამი სთავაზობს. ეს არის სიყვარული და სიკეთე, შემწყნარებლობა და თანადგომა, მშვიდობა და პატიოსნება. ჩვენ ყველას გვჭირდება ისეთი ცხოვრების სტილი, რომელიც მაღალ ზნეობაზე იქნება დამყარებული. დიად ღმერთს ვთხოვთ, მოგვმადლოს წყალობა, რათა დედამიწაზე რეალური სიკეთე და მშვიდობა დამკვიდრდეს და ცხოვრების ყველა ასპექტში მთავარი მამოტივირებელი საფუძველი ზნეობა და კეთილშობილება იყოს. 

Comment here