სათაურებიხუტბა

სარწმუნოების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ

 სიფხიზლე  და გონიერება უნდა გამოვიჩინოთ

ძვირფასო მუსლიმებო
მოცემულ აიათში  ნაბრძანებია:

„და უეჭველად, ესაა გზა ჭეშმარიტი, გაჰყევით მას და არ გაჰყვეთ გზებს, რომელიც დაგაშორებთ თქვენ მასთან. აი, რას გიწესებთ იგი, ეგების  დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან!“ (ენამ 6/153)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს:

„ყველაზე მართალი სიტყვა ღმერთის წიგნია. საუკეთესო გზამკვლევი მუჰამმედის რჩევებია“. (იხ. ნესაი, „იდეინ“ 22)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოება ისლამი იმისთვის მოგვივლინა ღმერთმა, რათა ვიწამოთ ღმერთი, გავიგოთ ჩვენი გაჩენის არსი და დავიმკვიდროთ ბედნიერება, როგორც ამქვეყნად, ისე საიქიოში. ისლამი წარმოადგენს იმ ღირებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ყურანის სიბრძნითა და შუამავლის სამაგალითო ცხოვრებით არის ჩამოყალიბებული.  მორწმუნენი ოდითგანვე ამ ღირებულებებს აღიარებენ და შესაბამისი პრინციპების დაცვის გზით ისლამის სწორად გაგებასა და მისით ცხოვრებას ცდილობენ. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც მავანნი ამ ძვირფას რწმენას ამქვეყნიურ სარგებელში ცვლიან და სარწმუნოების ბოროტად გამოყენებას ცდილობენ.

ძვირფასო მუსლიმებო
სარწმუნოების ბოროტად გამოყენება, სულიერი ავტორიტეტის გამოყენებით, ამქვეყნიური სარგებლისა და პრივილეგიების მიღებას გულისხმობს. სარწმუნოების ბოროტად გამოყენების მსურველები აცხადებენ, რომ ღმერთსა და შუამავალს ესაუბრებიან და ამით ცდილობენ ადამიანები თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციონ. ისინი აცხადებენ, რომ უცოდველნი არიან და ჭეშმარიტებას მხოლოდ ისინი უწყიან.  მათი მტკიცებით მათ ევლინებათ ზეშთაგონება, ნახულობენ გამოცხადებას და ამგვარი ცოდვილი დამოკიდებულებით მორწმუნეთა გულუბრყვილო მინდობით სარგებლობენ. ისინი ატყუებენ ადამიანებს და ეუბნებიან, რომ ავადმყოფობის ან უბედურების დროს შვების მოგვრა ხელეწიფებათ ან ბედის გახსნა შეუძლიათ. ისინი ადამიანთა უბედურებითა და უმწეობით ბოროტად სარგებლობენ.

სარწმუნოების ბოროტად გამოყენების გზაზე მყოფი თვალთმაქცი ადამიანები ყველას დევნიან, ვინც მათ არ ეთანხმება და სხვაგვარად ფიქრობს. ისინი ცდილობენ სრულად დაიმორჩილონ ადამიანთა გონება და ყველა მათი ფიქრისა და განცდის კოორდინაცია მოახერხონ. შედეგად დიდ სარგებელს იღებენ და ამ სარგებელისათვის ტყუილს, ორპირობას, შანტაჟს, ძალადობას და მსგავს მიუღებელ ფორმებს ლეგიტიმურად თვლიან. საბოლოოდ კი ისინი ჭეშმარიტ გზას არიან ამცდარნი და სამწუხაროდ სხვა ადამიანებსაც აცდენენ.

ძვირფასო მორწმუნენო
სარწმუნოების ბოროტად გამოყენების მსურველთა მიმართ დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს. ამგვარი თვალთმაქცობა და გულწრფელი დამოკიდებულება ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ. ტრადიციული ისლამი საუკუნეების გამნავლობაში ადამიანთა სულიერ მოთხოვნილებებს სრულებით აკმაყოფილებს. შესაბამისად, რელიგიის ბოროტად გამოყენების მსურველებმა თავიანთი შავბნელი ზრახვები ვერ უნდა განახორციელონ.

ამრიგად, სარწმუნოების ღირებულებების გაყალბება და ამ გზით ადამიანებზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობა სარწმუნოების ბოროტად გამოყენებაა. იგივენაირად ბოროტებაა, როდესაც ადამიანებს ეჭვებში აგდებენ და ისლამის შესახებ შიშსა და სიძულვილს ავრცელებენ.

ძვირფასო მორწმუნენო
როგორც უკანასკნელი და სრულყოფილი სარწმუნოების მიმდევრები, ღვთის მიერ, გონიერებითა და თავისუფალი ნებით ვართ დაჯილდოებულნი. ჩვენს სარწმუნოებას 14 საუკუნოვანი უცვლელი ტრადიცია და კულტურა გააჩნია. ამ ყველაფერის ფასი უნდა ვიცოდეთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმემ ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოების ბოროტად გამოყენება სცადოს. სარწმუნოება პროფესიონალი ადამიანებისა და ჯანსაღი წყაროებისგან უნდა შევისწავლოთ და ჩვენი ცოდნის საფუძველი ყურანის უცვლელი ჭეშმარიტება და შუამავლის სუნა უნდა იყოს.   

Comment here