სათაურებიხუტბა

ნამაზი- ღმერთთან სიახლოვის გზა

ნამაზი- ღმერთთან სიახლოვის გზა

ძვირფასო მუსლიმებო!

ერთ დღეს შუამავალი მრევლს ესაუბრებოდა და ასეთი შეკითხვა დასვა: „რომელიმე თქვენგანის სახლის წინ მდინარე რომ ჩამოდიოდეს და ის ვიღაც ამ მდინარეში დღეში ხუთჯერ ბანაობდეს, იმ ადამიანს ჭუჭყის ნასახი დარჩება?“  -არ დარჩებაო, უპასუხეს იქ მყოფმა მეგობრებმა ერთხმად. შუამავალმა კი ბრძანა: „აი, ასეთია ხუთი დროის ნამაზიც. ღმერთი ამ ნამაზების მეოხებით ცოდვებს აუქმებს“. (იხ. ბუჰარი, „მევაქითუსსალათ“ 6)

ძვირფასო მორწმუნენო!

შუამავლების ისტორიაში ნამაზი უძველესი ღვთისმსახურებაა და ჩვენს სარწმუნოებაშიც ის ისლამის ხუთი საფუძვლიდან ერთ-ერთია. ნამაზი ადამიანის სულის, სხეულის, გონების, გულის, სიყვარულის, კრძალვის, მოკლედ მთელი არსების ღვთისადმი მისწრაფების სიმბოლოა. როდესაც ადამიანი ღვთიური მოწოდების მიმართ გულისხმიერებას გამოიჩენს და მისი კმაყოფილების მოპოვებისა და მისდამი თაყვანისცემის მიზნით ნამაზს აღასრულებს, ის ნამდვილ ბედნიერებას ეზიარება.  როგორც კი ადამიანი ნამაზის ლოცვას შეწყვეტს და გამჩენთან არსებულ კავშირს შეასუსტებს, ის საკუთარი სურვილების მონა ხდება საბოლოოდ სასოწარკვეთისთვის არის განწირული.

ძვირფასო მუსლიმებო!

 ეზნის მოწოდების შემდეგ უზენაესის წინაშე მდგარი მორწმუნე ღვთისადმი სიყვარულს, მასთან კავშირს, თაყვანისცემასა და მინდობას გამოხატავს. ამრიგად ნამაზის ლოცვის მომენტი მორწმუნისათვის სანატრელი დროა, როცა ის თავის გამჩენთან ყველაზე ახლოს იმყოფება. ეს არის წმინდა მოგზაურობა, რომელიც ყველა ამქვეყნიურ საფიქრალს უკან მიგვატოვებინებს და მხოლოდ და მხოლოდ ღვთის წინაშე წარსდგომის ბედნიერებით განვიმსჭვალებით. ეს არის სურვილი ადამიანისა, რომელსაც თავის რეალურ სამშობლოში, სამოთხეში დაბრუნება სწყურია. ამის შესახებ შუამავალი ბრძანებს: „ნამაზი სამოთხის გასაღებიაო“. (იხ. თირმიზი, „თაჰარეთ“ 1)

ნამაზი მადლიერების გამოხატვის მომენტია. ეს არის ყველა მორწმუნის ვალი, რომლის საშუალებითაც გამჩენის, მაცოცხლებელის, მფარველი ღმერთის წინაშე უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ.

ძვირფასო მორწმუნენო!

აიათში, რომელიც ხუტბას დასაწყისში წავიკითხე, უზენაესი ბრძანებს:

„წაიკითხე ის, რაც შთაგეგონა წიგნიდან და აღავლინე ლოცვა. უეჭველად, ლოცვა განდევნის სიავენს და უკეთურს. და რა თქმა უნდა, ალლაჰის ხსენება  მნიშვნელოვანია. და ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიხართ!“ (იხ. ანქებუთ 29/45)

ამრიგად ნამაზი უკეთურებას განდევნის და მისგან გვიცავს. მორწმუნე, რომელიც ნამაზს თავიდან ბოლომდე მთელი გულისხმიერებითა და გულწრფელობით ილოცავს, ღვთისმსახურების არსს ჩაწვდება. ღვთისმსახურების არსზე ჩაწვდომა კი ადამიანს საკუთარი არსის შემეცნებას ასწავლის. ამ დროს მორწმუნემ იცის, რომ მის ყოველ ქმედებას ღმერთი ხედავს და ის შესაბამისი განწყობით ცხოვრობს.

გამომდინარე აქედან, ნამაზი არამარტო ადამიანის ვალია, არამედ ის სწორად ცხოვრებისა და მაღალი ზნეობის გარანტია. ნამაზის მლოცველი ადამიანი ყოველგვარი ზღვარსგადასულობის, ამპარტავნებისა და ძალადობისგან დაცულია. ნამაზის მლოცველი მორწმუნე სულიერად ძლიერდება და მასში მოკრძალება და წესიერება ვითარდება.

ძვირფასო მუსლიმებო!

ყურანი შუამავალს და მისი საშუალებით ყველა მორწმუნეს ასე მიმართავს:

„და უბრძანე შენს ოჯახს ლოცვა და იყავი მომთმენი მასზე. ჩვენ არ გთხოვთ სარჩოს, ჩვენ თავად გასაზრდოებთ შენ. ხოლო კეთილი აღსასრული ღვთისმოშიშებისთვისაა!“ (ტაჰა 20/132)

 შუამავალი ღვთიური ბრძანების შესაბამისად ყოველდღიურად ქალიშვილის, ფატიმას კარებთან მიდიოდა, აკაკუნებდა და ნამაზის ლოცვისკენ მოუწოდებდა. დღეს, თითოეული ჩვენგანი ვალდებულნი ვართ ოჯახის წევრებს ნამაზის ლოცვის აუცილებლობა შევახსენოთ.

ამრიგად, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ოჯახთან ერთად მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რაც ნამაზის ლოცვას მოაქვს. ნამაზი სარწმუნოების დედაბოძია, ბრძანებდა შუამავალი. ასევე საიქიოშიც უპირველესი კითხვები ნამაზის შესახებ იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნამაზი საკუთარი თავის შეცნობის, განახლების, მადლიერებისა და ფიქრის მეოხებით სულიერად ამაღლების საშუალებაა. ხუტბას კი შუამავლის სიტყვებით დავასრულებ:

„ვინც იწამებს, რომ ნამაზი ღვთიური ბრძანებაა და რუქუს, სეჯდეს, განბანვისა და დროის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით დღეში ხუთი დროის ნამაზს ილოცავს, სამოთხეში შევა“.  (იხ. იბნ ჰანბელ, 4, 266)

 

Comment here