სათაურებიხუტბა

მშობლების კმაყოფილება გამჩენის კმაყოფილების საწინდარია

ძვირფასო მორწმუნენო!
მშობლები ის ადამიანები არიან,  რომლებიც ბავშვის აღზრდაზე, მათზე ზრუნვასა და პიროვნებებად ჩამოყალიბებაზე დიდ ამაგს სწევენ. ამიტომაა, რომ ჩვენი სარწმუნოება ისლამი პირდაპირ მოგვიწოდებს მშობლებთან ურთიერთობისას ლმობიერება, სიყვარული და პატივისცემა გამოვიჩინოთ. ყოველი ადამიანი ვალდებულია მშობლებს კარგად მოეპყროს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი მოხუცდებიან.  ამის შესახებ ყურანში ნაბრძანებია:

„და დაგიდგინა შენმა ღმერთმა, რომ არ ეთაყვანოთ არავის, გარდა მისი და კეთილად მოექცეთ მშობლებს. თუ  მშობელთაგან ერთ-ერთი ან ორივე მიაღწევს სიბერემდე, არ უთხრა: „უჰ!“ და არ გაუწყრე (არ დატუქსო, არ დააყვედრო) მათ და ლამაზი (რბილი სიყვა უთხარი, პატივისცემით მოეპყარი) სიტყვა უთხარი!

და  ისინი მფარველობის ქვეშ აიყვანე ლმობიერებითა და თავმდაბლობით და თქვი: ღმერთო ჩემო! პატარაობისას როგორც (მზრუნველობით) გამზარდეს, ისე შეიწყალე  ესენი!“(ისრა 17/23-24)

ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთმა ჩვენ არარაობისგან გაგვაჩინა და ზრდასრულობამდე ჩვენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს მიგვაბარა, რათა იზრუნონ ჩვენზე და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში დაგვეხმარონ. მშობლები მრავალი წლის განმავლობაში ზრუნვას, სიყვარულს და მფარველობას არ გვაკლებენ და ჩვენი ბედნიერებისათვის ყველაფერს აკეთებენ. როდესაც შუამავალს კითხეს, თუ რა იყო საუკეთესო საქმე, რაც მორწმუნე მუსლიმს უნდა გაეკეთებინა, მან ბრძანა: „დროულად ნალოცი ნამაზი და მშობლებზე სიკეთის კეთება. ამის შემდეგ ღვთის გზაზე ჯიჰადი მოდის“. (იხ. ბუჰარი, „თევჰიდ“ 48)

ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით, სიკეთით მოვეპყროთ ჩვენთვის ესოდენ ძვირფას ადამიანებს და ტკბილ სიტყვას, ღიმილსა და მზრუნველობას ნუ მოვაკლებთ. მოვიგოთ მათი გული და მათი დალოცვა დავიმსახუროთ. უნდა გვჯეროდეს, რომ მათი დალოცვა ამქვეყნიური და საიქიო წყალობის მოპოვების მიზეზი გახდება. შუამავალი ბრძანებს:

„ღვთის კმაყოფილება მშობლების კმაყოფილებაზე გადის. ღვთის რისხვა კი მშობლების რისხვისგანაა“.  (იხ. თირმიზი „ბირ“ 3)     

Comment here