ამბებისათაურები

მორწმუნე სიფრთხილეს იჩენს, აღსრულება კი ღვთის ნებაა.

ძვირფასო მუსლიმებო!

ნებისმიერი ავადმყოფობა, მსუბუქი იქნება თუ მძიმე, ამქვეყნიური გამოცდაა. კაცობრიობის ისტორიაში ცნობილია მრავალი დაავადება, რომლებიც ღვთის დახმარებითა და ადამიანთა შრომის შედეგად შესწავლილი იქნა და არსებობს სამკურნალო წამლები. დღეს, მთელ მსოფლიოში გავრცელებულია ახალი კორონავირუსი, რომლისგან თავის დასაღწევი საშუალება, ასევე ღვთის შეწევნით, გამოჩნდება და დაავადებული ადამიანები განიკურნებიან. გავიხსენოთ შუამავლის სიტყვები: „ღმერთი, თავის მოვლენილი ნებისმიერი დაავადების წამალსაც გვწყალობს“. (იხ. ბუჰარი, „თიბ“ 1)

ჩვენ კი სიფრთხილე გვევალება, რათა დაავადებისგან თავი ავირიდოთ.

 

ძვირფასო მორწმუნენო!

ამ გადამდები დაავადების თავიდან ასაცილებლად, უპირველეს ყოვლისა, ჰიგიენის წესები უნდა დავიცვათ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ გარემოს, ტანისამოსის და სხეულის სისუფთავეს. ხშირად უნდა გავანიავოთ ოთახები, ხველებისა და ცემინების დროს გამოვიყენოთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი ავიფაროთ სახეზე. ასევე უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთი ადგილების სველი წესით დასუფთავებას, როგორიცაა კარის სახელურები, მოაჯირები, ნიჟარები და სხვა ხშირად გამოყენებადი საგნები. ხელები გულმოდგინედ და ხშირად უნდა დავიბანოთ. დაუბანელი ხელით არ უნდა შევეხოთ თვალებს, ცხვირსა და პირს. მეჩეთში ყოფნისას თავი უნდა ავარიდოთ საერთო სარგებლობაში მყოფ ნივთებს.

თუ საზღვარგარეთ იმყოფებოდით დაბრუნებისთანავე თოთხმეტი დღე უნდა გაატაროთ თვითიზოლაციაში. 

 

ძვირფასო მუსლიმებო!

ჩვენ გულთბილობით გამორჩეული ერი ვართ. მეგობრებსა და ნაცნობებს ხელის ჩამორთმევით და გადახვევით ვესალმებით. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან კარგი და მისაღებია, მაგრამ პანდემიის დროს მსგავსი ქმედებებისგან თავი უნდა შევიკავოთ, რათა ვირუსის გავრცელების რისკი არ გაიზარდოს. მისალმებისას დავიცვათ გონივრული დისტანცია და ხელის ჩამორთმევის გარეშე ერთიმეორე გულთბილად მოვიკითხოთ. ასევე ცნობილია, რომ ხანშიშესული ადამიანები ახალი კორონავირუსის საფრთხის თვალსაზრისით განსაკუთრებულად მოწყვლად კატეგორიაში შედიან. შესაბამისად მათი სახლში ყოფნა და ხალხმრავალ ადგილებისგან თავის არიდება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

 

ძვირფასო მორწმუნენო!

ჯანმრთელობა ღვთიური წყალობაა. მორწმუნე ვალდებულია გაუფრთხილდეს ამ წყალობას და სიფრთხილე გამოიჩინოს. ასე თუ მოვიქცევით, ღვთის შეწევნით ყველაფერი გამოსწორდება და სიმშვიდე დაისადგურებს. ყურანში ნაბრძანებია:

„რომელმაც გამაჩინა მე, სწორედ იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზაზე!

იგია, რომელიც მაჭმევს და მასმევს!

და როცა ავად ვხვდები, სწორედ იგია, რომელიც გამომაკეთებს!

რომელიც მომაკვდინებს და მერე გამაცოცხლებს!“ (შუარა 26/78-81)

 

გამომდინარე აქედან, ჩვენ ვალდებულნი ვართ ამ პანდემიის დროს მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობას საფრთხეს შევუქმნით, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

 

უეჭველია, რომ ნება ღვთისა აღსრულდება. მორწმუნეთა მოვალეობა კი სიფრთხილის გამოჩენა და სწორად მოქცევაა. მორწმუნე ადამიანი ყველაფერში ზომიერებას იჩენს. ამ შემთხვევაშიც აღნიშნული საფრთხის მიმართ არც უპასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ და არც პანიკაში უნდა ჩავვარდეთ. გამოვჩინოთ პასუხისმგებლობის გრძნობა, გონიერება და ასე ვებრძოლოთ ამ ახალ განსაცდელს. ეს ჩვენი მოვალეობაა.

Comment here