სათაურებიხუტბა

მორწმუნეობრივი მგრძნობელობა: სიკეთისკენ მოწოდება და ბოროტებისგან განდგომა

ძვირფასო მუსლიმებო!

სამყაროს გაჩენასა და ცოცხალი არსებების ურთიერთობაში ამოსავალი წერტილი სიკეთეა. ჩვენი სარწმუნოების, ისლამის ამქვეყნად მოვლინების მიზანიც დედამიწაზე სიკეთის დამკვიდრება და ბოროტების მოსპობაა. 

მუსლიმი კარგი ადამიანია. მუსლიმი კარგი მსახურია. მუსლიმი ღირსეული პიროვნებაა. მუსლიმი ამავდროულად ვალდებულია საკუთარი კეთილი ზრახვები და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა საზოგადოებასაც გაუზიაროს. მის ამგვარ პასუხიმგებლობას შემდეგი ფორმულირება გააჩნია: მოუწოდე სიკეთისკენ და ბოროტებას წინ აღუდექი.

უზენაესი ალლაჰი ყურანში განმარტავს, თუ როგორია მართალი, მორწმუნე, ღირსეული და მგრძნობიარე პიროვნებებისგან შემდგარი საზოგადოება:

„თქვენა ხართ ყველაზე საუკეთესო თემი, ვინც კი მოვლენილა ხალხთა შორის, ბრძანებთ სასურველს და კრძალავთ საძულველს, რადგანაც გწამთ ალლაჰის. ხოლო რომ ეწრმუნათ ღვთიური წიგნის ხალხს, მათთვისვე იქნებოდა უკეთესი. მათ შორის არიან მორწმუნენი, მაგრამ გზასამცდარნიც არიან დიდი ნაწილი მათგან“. (ალი იმრან 3/110)

ძვირფასო მორწმუნენო!

რწმენა და სიკეთე განუყოფელი წყვილია. შუამავალი ბრძანებს: „სიკეთე საუკეთესო ზნეობაა“. (იხ. მუსლიმ, „ბირ ვე სილა“ 14). გამომდინარე აქედან, ცხოვრების მანძილზე სამართლიანობა, შემწყნარებლობა, პატივისცემა, სიმართლე, პატიოსნება, თავგანწირვა და ყველაფერი, რაც საუკეთესო ზნეობის გამოვლინებაა, საერთო ჯამში სიკეთეა.  მორწმუნე ადამიანი კი სიკეთის განსახიერება უნდა იყოს. მორწმუნე ადამიანი ერთის მხრივ თავის ქცევით სიკეთეს უნდა სთესდეს, ხოლო მეორეს მხრივ კარგი შეგონებითა და სიბრძნით ყველას სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებდეს. მორწმუნე ადამიანი მუდმივად შუამავლის მოწოდებას ითვალისწინებს. ის აიოლებს და არ ართულებს. ის შეახალისებს, არ შეაძულებს. (იხ. ბუჰარი, „ჯიჰად“ 164)

მორწმუნემ იცის, რომ კეთილი დამოკიდებულება უკეთესია, ამიტომ ყველა საქმეს კარგი კუთხით განიხილავს. ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა ამოძრავებს და შემწყნარებლობას იჩენს. მორწმუნე ყოველთვის სიკეთის, სიმართლისა და პატიოსნების მხარესაა.

მორწმუნე ადამიანი ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავად იბრძვის. მორწმუნე არ მოიტყუებს და ცილს არ დასწამებს. ის ჭორებითა და შუღლის ჩამოგდებით ენას არასოდეს დაიბინძურებს. მან იცის, რომ ადამიანთა სინდისი და ღირსება ძალიან ძვირფასი ამანათია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება, ღალატი კი ბოროტების გამოვლინებაა.

ძვირფასო მორწმუნენო!

ჰადისის მიხედვით შუამავალი ბრძანებს: თუ რომელიმე თქვენგანი ბოროტებას გადააწყდება ხელით გამოასწოროს. თუ საამისოდ ძალა არ შესწევს, ენით გამოასწოროს. თუ ესეც ვერ შეძლო გულით დაგმოს. ეს უკანასკნელი კი რწმენის მინიმალური მოთხოვნილებაა“. (მუსლიმ, „იმან“ 78).

გამომდინარე აქედან, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში სიკეთის გავრცელებაზე უნდა ვიზრუნოთ. ბოროტებას გავრცელების საშუალება არ უნდა მივცეთ. არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის რელიგიური და ადამიანური მოვალეობაა. სიკეთის გავრცელებისა და ბოროტების დაგმობისათვის გადადგმული თითოეული ნაბიჯი, ღვთის წიაღ მიღებული და დაფასებული იქნება.

ძვირფასო მორწმუნენო!

ხუტბას ბოლოსთვის კი მნიშვნელოვანი რამ მინდა შეგახსენოთ. საკუთარი თავის, ახლობლებისა და ზოგადად საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად ჯანდაცვის უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციები გავითვალისწინოთ და დავემორჩილოთ წესებს. გადამდებ დაავადებას ზერელედ ნუ მოვეკიდებით. გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენური მოთხოვნები. ამდენად სერიოზული საკითხის მიმართ გულგრილობა დანაშაულია, როგორც ადამიანის, ისე ღვთის წინაშე. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

Comment here