სათაურებიხუტბა

მოთმინების შედეგი სიკეთეა

ძვირფასო მუსლიმებო!

ამქვეყნიურ ცხოვრებაში ყველა ადამიანი მგზავრია. წუთისოფლის სტუმრები ვართ და ვინც მოდის, ისევ მიდის. ყოველი ჩვენგანი გზას ვადგივართ. ეს არის გზა სამოთხისკენ და ამ გზაზე აღმართი და დაღმართი, სიხარული და გაჭირვება მრავლადაა. რამდენადაც გვაქვს იმედი, იმდენად ვუძლებთ ტკივილებს და ამ გზას ვაგრძელებთ. ღმერთმა ისეთი რამ გვიწყალობა, რომელიც გვაძლებინებს, გვიცავს უსაზღვრო მღელვარებისგან, გაპროტესტებისა და მცდარი ქმედებებისგან და ეს წყალობა არის მოთმინება.

ძვირფასო მორწმუნენო!

მოთმინება სასოწარკვეთა ან დაცემულობა არ გახლავთ. მოთმინება არც უიმედობა და ხელჩაქნეულობაა. მოთმინება ღირსებაა. მოთმინება ღვთისადმი უპირობო მინდობის გამოხატულებაა. მოთმინება გაძლებაა. მოთმინება ამქვეყნიური მრავალი და მრავალგვარი გამოცდის წინაშე ქედის მოუხრელობაა. მოთმინება ეშმაკისა და საკუთარი სურვილების ტყვეობისგან თავის დაღწევა და გამარჯვებაა. მოთმინება გასაჭირზე ღირსეულად შეგებებაა. მოთმინება ღვთის განჩინების უპირობო აღარებაა. მოთმინებას საფუძვლად რწმენა უდევს და ის სიკეთის გასაღებია, რომელიც საბოლოო ჯამში სამოთხეში შეგვიყვანს.

ძვირფასო მუსლიმებო!

ზოგჯერ ადამიანს მცირეოდენი გაჭირვების დროსაც კი მოთმინება უჭირს. ზოგჯერ კი ადამიანს დიდი უბედურება დაატყდება თავს და იმედს დაკარგავს. ამ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ ავადმყოფობა არ დასრულდება, ფინანსური გაჭირვება არ გამოსწორდება, ოჯახური პრობლემები აღარ დამთავრდება და ა.შ. ამ დროს ადამიანი სასოწარკვეთილია და ჰგონია, რომ წარმატება, სიმშვიდე და ბედნიერება მისი ხვედრი არ არის და ეს ყველაფერი ძალიან შორსაა. არადა ყურანში აშკარა მითითებაა: რამეთუ, უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება; უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება! (ინშირაჰი 94/5-6). ყოველ სიძნელეში მრავალი წყალობაა დაფარული. ზოგ საქმეში მხოლოდ უბედურებას ვხედავთ, მაგრამ მისგან მოულოდნელი სიკეთე იბადება. მორწმუნე ადამიანმა იმედი და გამძლეობა არ უნდა დაკარგოს. მორწმუნე ადამიანს მუდმივად უნდა სჯეროდეს, რომ ღმერთი მომთმენების მხარესაა.

ძვირფასო მორწმუნენო!

ჰადისის მიხედვით შუამავალი ბრძანებს: ვინც მოითმენს, ღმერთი მას გაძლების უნარს მიანიჭებს. არავის რგებია უფრო სასიკეთო და დიდი წყალობა, ვიდრე მოთმინებაა. (იხ. მუსლიმ, ზექათ 124).

ამრიგად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ფასი იმ დიდი წყალობისა, რასაც მოთმინება ჰქვია. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი გაჭირვებითა და დალხინებით გვცდის და ყოველ გამოცდას მოთმინება, შრომა და გარჯა სჭირდება. ღვთის წყალობისა და შემწეობის იმედი კი არასოდეს დავკარგოთ.

ხუტბას დასასრულს კი ყურანის შემდეგ აიათს შემოგთავაზებთ:

ალლაჰმა ჩვენ[1] მოწყალება გვიბოძა. რადგანაც, ვინც ღვთისმოშიშია და მოითმენს[2], უეჭველად, ალლაჰი არ დაუკარგავს საზღაურს კეთილისმქმნელთ! (იუსუფი, 12/90)

[1]                    [1] ყველას

[2]                    [2] რაც დაატყდება

 

Comment here