ამბებისათაურები

მირაჯი: მსახურის ღმერთთან სიახლოვის მცდელობა

დალოცვილ იყოს ჯუმა, ძვირფასო ძმებო!

ღვთის შეწევნით წელსაც მირაჯის სასწაულებრივ ღამეს შევეგებებით. დიდება ალლაჰს, რადგან ამ წყალობითა და ცხონებით აღსავსე ღამეს კიდევ ერთხელ დაგვასწრო. დალოცვილ იყოს მირაჯის ღამე. დაე, ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს მუსლიმებისათვის სიკეთის, სიმშვიდისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს.

ძვირფასო მორწმუნენო!

მექელი ურწმუნოების მხრიდან მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართული აგრესია და ძალადობა ყოველგვარ ზღვარს გასცდა. მუსლიმები სამი წლის განმავლობაში მოთმინებით იტანდნენ ბოიკოტს, რომელიც მექელმა კერპთაყვანისმცემლებმა დაუწესეს. ბოიკოტის დროს მუსლიმებთან ნებისმიერი ადამიანური თუ ეკონომიკური ურთიერთობა გაწყვიტეს. ბოიკოტის დასრულების დღეებში შუამავალმა ჯერ უსაყვარლესი ბიძა, ებუ თალიბი დაკარგა, ხოლო შემდეგ ასევე უსაყვარლესი მეუღლე და ცხოვრების თანამგზავრი ჰზ. ჰატიჯე. შუამავალი უკიდურესად დანაღვლიანებული იყო. სწორედ ამ დროს უზენაესმა თავისი რჩეული შუამავალი მასთან მიიღო და ისრასა და მირაჯის სასწაულები უწყალობა.  

ძვირფასო მუსლიმებო!

ერთ ღამით შუამავალი მესჯიდი ჰარამიდან მესჯიდი აყსაში გადავიდა. ამ სასწაულებრივ მოგზაურობას „ისრა“ ეწოდება და მის შესახებ აიათი ამ ხუტბას დასაწყისში წარმოგიდგინეთ:

დიდება იმას, რომელმაც ღამით გადაიყვანა თავისი მსახური მესჯიდი ჰარამიდან მესჯიდი აყსაში, რომლის შემოგარენიც ჩვენ დავლოცეთ[1], რათა გვეჩვენებინა მისთვის ნაწილნი ჩვენი სასწაულნისა. უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველი!“ (ისრა 17/1)

შემდეგ, ამ სასწაულ ღამით შუამავალი მესჯიდი აყსადან ღვთის ნებითა და ძალით ცად ამაღლდა და მორწმუნეთათვის გზავნილი მოიტანა. ამ მოგზაურობას მირაჯი ეწოდება.

ძვირფასო მორწმუნენო!

მირაჯი ღვთისგან მოვლენილი მოწოდებების გათვალისწინებით მისდამი მსახურების აღვლენა და ყოველი მოქმედებით მასთან დაახლოების მცდელობაა. მირაჯი მატერიალურისგან განშორების გზით სულიერების ამაღლებისა და ამქვეყნიური, დროებითი, ფუჭი სურვილებისგან თავის დაღწევის გზით სამარადისოსკენ სწრაფვის გამოხატულებაა. მირაჯი ჩვენს სულიერ სამყაროში განხორციელებული მოგზაურობა და რწმენის გაძლიერებაა.

მირაჯი, როგორც შუამავლის შემთხვევაში მოხდა, მექასა და იერუსალიმს შორის წმინდა კავშირის შენარჩუნებაა. იერუსალიმი ხომ ჩვენი თვალისჩინია.  ის ჩვენი ვედრებისა და ტკივილის საგანია. იერუსალიმი და მესჯიდი აყსა შუამავლის მიერ ჩვენზე მობარებული ამანათია. ჩვენ ვიცით, რომ მორწმუნე ვერ იქნება მირაჯის გარეშე, ხოლო მირაჯი ვერ იქნება მესჯიდი აყსას გარეშე.

მირაჯის მოვლენის შედეგად შუამავლის უიმედობა და სასოწარკვეთა დასრულდა. მან სრულად მოიკრიბა ძალები და ახალი შემართებით გააგრძელა გზა. ეს კი ჩვენ გვასწავლის, რომ ყოველ უბედურებას მოჰყვება შვება და ღვთის წყალობის იმედი მუდმივად უნდა ვიქონიოთ. მორწმუნე, რომელსაც მირაჯის მოვლენისა სწამს, ის ადასტურებს, რომ სამყაროს გამჩენი განაგებს დროსა და სივრცეს და მისთვის შეუძლებელი არაფერია. იმ საზოგადოებაში, სადაც მირაჯის მნიშვნელობა სრულად აქვთ გააზრებული, სამართლიანობა, სიკეთე, სიყვარული, ძმობა და ერთიანობა დამკვიდრდება.    

ძმებო!

ღმერთმა ისრას სურაში მოცემული ღვთიური გზავნილით რწმენისა და ზნეობის სრულყოფისათვის საჭირო მითითებები მოგვცა. ისრას სურას მიხედვით მორწმუნენი ვალდებულნი ვართ გვწამდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ღმერთი. მხოლოდ მისი წყალობის იმედი უნდა ვიქონიოთ. მხოლოდ მას უნდა ვთხოვოთ შეწევნა. ასევე პატივი უნდა ვცეთ მშობლებს. უნდა დავეხმაროთ ნათესავებს, ღარიბებს და გზაზე დარჩენილებს. არ უნდა ვიყოთ ძუნწები ისევე როგორც არ უნდა ვიყოთ მფლანგველები. ადამიანმა არ უნდა ჩაიდინოს მკვლელობა. არ უნდა იმრუშოს და ობლის ქონება არ უნდა მიითვისოს. მორწმუნე ვალდებულია მიცემული სიტყვა ყოველთვის შეასრულოს, ზომასა და წონაში არ მოიტყუოს და მუდმივად სიმართლის მხარეს დადგეს. მორწმუნე უნდა ერიდოს საეჭვო სიტუაციას და არასოდეს იყოს ამპარტავანი.

ძვირფასო მორწმუნენო!

შუამავალი მირაჯის მოგზაურობიდან საჩუქრებით დაბრუნდა. ნამაზი, რომელსაც შუამავალი „თვალის ჩინად“ მოიხსენიებდა, მირაჯის პირველი საჩუქარია. ნამაზი ჩვენი მირაჯია. ნამაზი ჩვენი გაცოცხლებაა. ნამაზი ჩვენი გადარჩენაა. ნამაზით განვიწმინდებით ხოლმე და ის ყოველგვარი სიავისგან გვიცავს. დროულად ნალოცი ნამაზი ჩვენთვის ყველაზე სასარგებლო საქმეა. (იხ. ბუჰარი, „თევჰიდ“ 48).

მირაჯის მესამე საჩუქარი ბაყარას სურას ბოლო ორი აიათია. ჩვენ ყოველ ღამე, ღამის ნამაზის შემდეგ, ამ ორ აიათს ვკითხულობთ და ამით ღვთისადმი რწმენას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ასევე ვევედრებით იმ ვედრებით, რაც მან გვასწავლა.

დღევანდელ ხუტბას კი მირაჯის ამ ბოლო, მესამე საჩუქრით დავასრულებ:

ალაჰი არ აკისრებს არც ერთ სულს იმაზე მეტს, რაც მას ძალუძს. მისი იქნება რა სიკეთესაც მოიხვეჭს და მის წინააღმდეგ, რა ავიც მოიხვეჭოს. ღმერთო ჩვენო! ნუ მოგვკითხავ, თუკი დაგვავიწყდა ან შევცდით! ღმერთო ჩვენო! არ გვატვირთო მძიმე ტვირთი, როგორც იმათ ატვირთე, ვინც ჩვენ უწინარეს იყო!... ღმერთო ჩვენო! არ დაგვაკისრო ის, რისი ძალაც არ შეგვწევს და მოგვიტევე ჩვენ, შეგვინდე“ (ბაყარა 2/286)   

[1] კეთილვჰყავით ფიზიკურად და სულიერად

Comment here