სათაურებიხუტბა

მადლიერი ადამიანი სიმშვიდეს ჰპოვებს

ძვირფასო მუსლიმებო!

ერთ ღამეს, ნამაზის ლოცვისას,  შუამავალი ისე ატირდა, რომ ცრემლები წვერიდან მკერდზე ჩამოეღვარა და იატაკამდე მიაღწია. მისი ეს მდგომარეობა ჰზ. აიშემ დაინახა და გაოცებულმა ჰკითხა: „შუამავალო! ღმერთმა წარსულისა და მომავლის, ყველა ცოდვა მოგიტევა, რაღატომ ტირიხარ?“  შუამავალმა უპასუხა: „განა მე ღვთისადმი მადლიერი მსახური არ უნდა ვიყო?!“

ძვირფასო მორწმუნენო!

შუამავლის ცრემლებში დამალული იყო ის უსაზღვრო მადლიერება, რომელსაც ის ყოვლადმოწყალე ღმერთის მიმართ გრძნობდა. სამყაროში არსებული, ყველა ფიზიკური და სულიერი წყალობის ერთადერთი რეალური მფლობელი თავად ღმერთია. მორწმუნე მსახური მუდამ უნდა გრძნობდეს ამას და ღვთისმოსაობით, მუდმივად მადლიერებას უნდა გამოხატავდეს.

ძვირფასო მორწმუნენო!

ყურანში უზენაესი ბრძანებს:

„მაშ, გამიხსენეთ მე, (რათა) გაგიხსენოთ თქვენ, იყავით ჩემდამი მადლიერნი და არ იყოთ უმადურნი!“ (ბაყარა 2/152)

ღმერთი ყოვლად მოწყალეა, მწყალობელია, სარჩოს მომნიჭებელია, მაცოცხლებელი და არსებობის შემანარჩუნებელია. დიდი თუ პატარა, მდიდარი თუ ღარიბი, ძლიერი თუ სუსტი, ყველა და ყველაფერი მის მიერ ბოძებული წყალობითა და შესაძლებლობით არსებობს. ამ ჭეშმარიტების გააზრება, გათავისება, ესოდენ უსაზღვრო წყალობის მიმართ მადლიერების გამოჩენა, ყოველი მსახურის აუცილებელი ვალდებულებაა. 

მორწმუნე ადამიანი, ღვთისადმი მადლიერებას, მთელი არსებით გრძნობს, ამბობს და გამოხატავს. ის შინაგანად მუდმივად მადლიერია და ღვთის მიერ ბოძებულ წყალობას არასოდეს ივიწყებს. ის ენითაც გამოხატავს მადლიერებას და მუდმივად ღმერთს განადიდებს. ის ცდილობს ხელით, ფეხით, მთელი სხეულით კეთილი საქმეები აკეთოს და ამითაც გამოხატოს, რომ მადლიერია.

მორწმუნემ იცის, რომ ღმერთმა მას გონება უწყალობა და ამის მადლიერება რომ გამოხატოს, უნდა სწამდეს. ღმერთმა მას ცოდნის შეძენის უნარი და შესაძლებლობა მისცა და ამის მადლიერება სხვებზე სწავლებითა და კარგი საქმეების კეთებით უნდა გამოხატოს. ღმერთმა ადამიანს ჯანმრთელობა უწყალობა და ადამიანმა მადლიერება თავისი კეთილადამიანობით უნდა გამოხატოს.

ძვირფასო მორწმუნენო!

შუამავალი ბრძანებს:

„ვინც ადამიანების მადლიერი არ არის, ის არც ღმერთის მადლიერი იქნება“. (იხ. თირმიზი, „ბირ“ 35). ამრიგად, მორწმუნე ადამიანი ნებისმიერ სიკეთეს სიკეთითვე უპასუხებს და მადლიერებას გამოხატავს. უმადურობა და ამპარტავნება მორწმუნეს არ ეკადრება. ის მადლიერია გარშემომყოფების მიმართ, მშობლების, ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების და ასე შემდეგ.

ძვირფასო მორწმუნენო!

ღმერთი სიკეთის პასუხად ჯილდოს მწყალობელია. ვინც არ არის ხარბი და უმადური, ღმერთი მათ  უფრო მეტ სიკეთეს უწყალობებს. ხუტბას კი წმინდა აიათით დავასრულებ:

„და აკი, გაუწყათ ღმერთმა თქვენ: „თუ ნამდვილად მადლიერნი იქნებით, უთუოდ, წყალობას გიმრავლებთ და თუ უმადურნი იქნებით, უეჭველად,  სასჯელი ჩემი საშინელია!“ (იბრაჰიმ 14/7)

Comment here