სათაურებიხუტბა

თვითკონტროლისა და თვითკრიტიკის მნიშვნელობა

ძვირფასო მუსლიმებო!
წმინდა აიათის მიხედვით ღმერთი ბრძანებს:

„და იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და ქვეყანა ექვს დღეში,  შემდეგ განუსაზღვრელი ძალაუფლება და მესვეურობა ზემო აღაპყრო. იგი უწყის, რაც შედის მიწაში და რაც გამოდის იქიდან; ისიც, რაც ზეციდან ჩამოდის და რაც იქ ადის. იგი თქვენთანაა, სადაც არ უნდა იყოთ, რამეთუ ალლაჰი მხილველია იმის, რასაცა იქმთ“. (ჰადიდ 57/4)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს: „იჰსანი ისაა, როცა ისე მსახურობ ღმერთს, თითქოს ხედავდე. შენ რომ ვერ დაინახო, ის მაინც გხედავს“. (იხ. ბუჰარი, თეფსირ, ლოყმან 2)

ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთმა ადამიანი სამყაროს თვალისჩინად გააჩინა და ბუნებრივია ამას თავისი მიზანი გააჩნია. ადამიანი მუდმივად ღვთიური კონტროლის ქვეშაა. ამიტომაა, რომ ადამიანის ნებისმიერი ნამოქმედარი უკიდურესი სიზუსტით აღირიცხება, რათა განკითხვის დღეს ყველაფერი შეფასდეს. ყურანში ნაბრძანებია:

„საკმარისია მან სიტყვა წარმოთქვას და უეჭველად, მეთვალყურე მზადყოფნაშია ესწრას მას.

ძვირფასო მორწმუნენო!
ამქვეყნიური ცხოვრება საიქიოს მოსამკობადაა. ყველა აქ მომსვლელი აუცილებლად წავა და რასაც დასთესს იმასვე მოიმკის. ნებისმიერი სიკეთე, რომელსაც ადამიანი  გააკეთებს, საიქიოში შესაბამისად დაუფასდება. ვინც ბოროტებას ჩაიდენს, საიქიოში შესაბამის საზღაურს მიიღებს. ღმერთი ბრძანებს:

და ის, ვინც იოტისოდენა სიკეთე მაინც ჰქმნა, იხილავს იმას (ჯილდოს მიიღებს)!

და ისიც, ვინც იოტისოდენა ავი ჰქმნა, იხილავს იმას (სამაგიერო მიეზღვება)! (ზილზალ 99/7-8)

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავნი; და დაე, შეხედოს სულმა რა წაიმძღვარა ხვალისთვის. გეშინოდეთ ალაჰის, უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც იქმთ თქვენ! (ჰაშრი 59/18)

ამრიგად, ღმერთი გვიბრძანებს ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდში საიქიო სამზადისში ვიყოთ. ის მოგვიწოდებთ საკუთარი თავი გავაკონტროლოთ და საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულნი ვიყოთ.

ადამიანი მუდმივად უნდა ფიქრობდეს რისთვის არის მოვლენილი ქვეყანაზე, საიდან მოდის და საით უნდა წავიდეს. ის საკუთარ თავს მუდმივად უნდა უსვამდეს ამ კითხვებს. მორწმუნე უნდა იაზრებდეს თავის შეცდომებსა და ცოდვებს, რის შემდეგაც უნდა მოინანიოს და მიტევება ითხოვოს. მორწმუნე ადამიანმა იმ ფიქრით უნდა იცხოვროს, რომ ღმერთი მის ყოველ ნაბიჯს ხედავს. ჩვენ უნდა შევძლოთ და რწმენისგან იმდენი ძალა მივიღოთ, რომ ცდუნებები გავაკონტროლოთ და ცოდვებისგან შორს დავდგეთ. ჩვენ უნდა შევძლოთ, თავი დავაღწიოთ ეშმაკის მიერ დაგებულ მრავალფეროვან მახეებს და ასევე წინააღმდეგობა გავუწიოთ ცდუნებებსა და მავნე მისწრაფებებს. ამ გზით ჩვენ შევძლებთ მთელი გულით ღმერთს მივენდოთ და ერთმანეთს სიკეთესა და გულწრფელ ღვთისმსახურებაში გავეჯიბროთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
საკუთარი თავის შეცნობითა და ღმერთზე მინდობით ცხოვრება, ყოველი მუსლიმისთვის საარსებო კაპიტალია. მორწმუნე, რომელიც წარსულის შეცდომებზე სწავლობს, აწმყოს ფასი იცის და ამავდროულად მომავალს რწმენითა და სიკეთით გეგმავს, გადარჩენის გზაზე დგას და ღვთის წყალობით გადარჩება. შუამავალი შემდეგნაირად გვაფრთხილებს: ადამიანი განკითხვის დღეს ამ ხუთი რაიმის გამო აუცილებლად განიკითხება: რას მიუძღვნა სიცოცხლე, როგორ გაატარა ახალგაზრდობა, როგორ მოიპოვა ქონება, სად დახარჯა და ასევე თავისი ცოდნის მიხედვით თუ მოქმედებდა. (იხ. თირმიზი, სიფათულ ყიამე 1)

ძვირფასო მორწმუნენო!
 ხუტბას ბოლოს კი ისევ და ისევ მინდა შეგახსენოთ, რომ ამ პანდემიის პირობებშიც საკუთარ თავს უნდა დავუკვირდეთ და ქცევები გავაკონტროლოთ. უხილავ ვირუსთან ბრძოლაში ყველანი გათვითცნობიერებულად და პასუხისმგებლობით უნდა ვმოქმედებდეთ. აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ ჯანდაცვის უწყებების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ნუ გამოვიჩენთ გულგრილობასა და ზერელე დამოკიდებულებას. აუცილებლად დავემორჩილოთ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს, რათა არ დავარღვიოთ როგორც საკუთარი, ისე სხვათა უფლებები. დიად ღმერთს ვთხოვ აცხონოს დაღუპულთა სულები და დაავადებულები კი სწრაფად გამოაჯანმრთელოს.

Comment here