სათაურებიხუტბა

ერთიმეორის მიმართ ყურადღებიანი უნდა ვიყოთ

ძვირფასო მუსლიმებო!
თითოეული ჩვენგანი ამქვეყნიურ გამოცდას გავდივართ. ჩვენი ყოველდღიურობა ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერების ძიებასა და სიძნელეების გადალახვის მცდელობას მოიცავს. ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, სიხარულით, სევდით, მხიარულებით, განსაცდელით და ა.შ. ადამიანის ცხოვრებას ახასიათებს როგორც ჯანმრთელობა, ისე ავადმყოფობაც. სხვა და სხვა დაავადებებით შეპყრობილ ადამიანებთან  ერთად  ჩვენს ირგვლივ არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ასევე დაუნის სინდრომის მქონენი და აუტიზმით დაავადებულები.

ყოველ განსაცდელს, ყოველ პრობლემას თავისი აღმზრდელობითი თვისება გააჩნია. სიძნელეებისა და განსაცდელის მიმართ სიმტკიცის გამოჩენა და მათზე გამკლავება,  ასევე ყოველი მოქმედების დროს ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზნის შესაბამისად მოქცევა, ადამიანში სულიერ და მენტალურ ამაღლებას იწვევს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ამ პროცესში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ადამიანის განვითარების თავისებურებები და ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო მიდგომები და ამისათვის საქმის პროფესიონალებისგან რჩევა-დარიგებები უნდა მივიღოთ. ასევე მნიშვნელოვანია პრობლემების ადრეული აღმოჩენა და შესაბამისი მკურნალობით სამომავლო ზიანის მინიმუმამდე დაყვანა.

ძვირფასო მორწმუნენო!
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ვალდებულებაა ყურადღებით მოვეპყროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დაუნის სინდრომი და აუტიზმი ახასიათებთ და არ უნდა დავუშვათ, რომ თავი მარტოსულად იგრძნონ.  მათ მიმართ გამოჩენილი მზრუნველობა, ყურადღება და მხარდაჭერა, მათ ცხოვრებას გაუადვილებს. ეს ჩვენი ადამიანური მოვალეობაა.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

„მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები ერთმანეთის დამხმარენი არიან. უბრძანებენ ერთმანეთს“… (თევბე 9/71)

გამომდინარე აქედან, ჩვენ ვალდებული ვართ ერთმანეთს ყურადღება მივაქციოთ და ერთმანეთის მდგომარეობით დავინტერესდეთ. ჩვენს მორწმუნე ძმებთან ისეთი ურთიერთობა უნდა ვიქონიოთ, რომელიც ადამიანის ღირსებას შეეფერება. ასევე, ხელები უნდა აღვაპყროთ და ღმერთს მუდმივად სიკეთე ვევედროთ.  ღმერთს უნდა შევევედროთ მოგვმადლოს ისეთი ცხოვრების შესაძლებლობა, რომელიც ამქვეყნადაც და საიქიოშიც ბედნიერებას მოგვიტანს.

დღევანდელ ხუტბას შუამავლის სიტყვებით დავასრულებ: „მორწმუნე ძმები  ერთმანეთთან შედუღაბებული აგურების მსგავსი არიან, რომლებიც ერთ შენობას ქმნიან“.  (იხ. ბუჰარი, „ენბია“ 36)

Comment here