სათაურებიხუტბა

გონებრივი ღვთისმსახურება; თეფექქური

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა აიათის მიხედვით უზენაესი ბრძანებს:

„რომელნიც ალლაჰს ახსენებენ ფეხზე მდგომარე, მჯდომარე თუ მწოლიარე, და ფიქრობენ ცათა და ქვეყნის გაჩენაზე, (ამბობენ): „ღმერთო ჩვენო! შენ ეს ამაოდ (ტყუილად) არ გაგიჩენია! დიდება შენდა! დაგვიფარე ჩვენ ცეცხლის სასჯელისგან“. (ალი იმრან 3/191)

ძვირფასო მორწმუნენო!
გონება ერთ-ერთი იმ უდიდეს წყალობათაგანია, რომელიც ღმერთმა ადამიანს არგუნა. გონება სასწაულებრივი უნარია საიმისოდ,რომ ადამიანმა ერთმანეთისგან განასხვავოს ჭეშმარიტება და სიცრუე, კეთილი და ბოროტი, კარგი და ცუდი და ა.შ.

 ადამიანს გონების წყალობით შეუძლია გაიგოს ის სიბრძნე, რასაც ღვთიური გზავნილი გადმოგვცემს. გონების მეოხებით ადამიანს შეუძლია განჭვრიტოს ბოროტების მავნე შედეგები და არჩევანი სიკეთეზე შეაჩეროს. გონების ძალის სასიკეთოდ გამოყენება დიდი მადლი და საიქიოში დიდი ჯილდოს საწინდარია, მაგრამ მისი ბოროტად გამოყენება და ამ უნარის ცოდვილ საქმეებში დახარჯვა, შედეგად უმედგაცრუებასა და სასჯელს მოიტანს.

ძვირფასო მორწმუნენო!
გონების ნაყოფი ფიქრია. ადამიანი გონების მეშვეობით ფიქრობს და ჭეშმარიტების აღქმას ახერხებს. სწორედ ჭეშმარიტებაზე ფიქრია თეფექქური. ამ გზით ადამიანი ჭეშმარიტებაზე ჩაწვდომასა და სწორად მოქცევას ცდილობს. ამგვარი ფიქრის შედეგად ჩვენი გაჩენის მიზანს, ღვთისადმი რწმენის მნიშვნელობას და ჩვენზე ბოძებული დროის ფასს ვსწავლობთ. სწორედ ფიქრია ის საშუალება, რომლითაც სამყაროში არსებულ უზადო წონასწორობას, უნიკალურ წესრიგს ვაკვირდებით და ვიაზრებთ. ცა და დედამიწა, ზღვები და მთები, მზე და მთვარე, ვარსკვლავები, კოსმოსი და ზოგადად სამყარო ჩვენი ფიქრის არეალში ხვდება და ამ ყველაფრის გამჩენთან მივყავართ. ფიქროს მეოხებით ვაანალიზებთ მოვლენებს და სწორად ცხოვრებას ვსწავლობთ. ფიქრის საშუალებით ვხვდებით იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც გვაკისრია.

ძვირფასო მორწმუნენო!
ძვირფასი შუამავალი ბრძანებს: „გონიერი ადამიანი საკუთარ თავს ფლობს და საიქიოსთვის იღწვის“. (იხ. თირმიზი, „სიფათულ ყიამე“ 25)

რა ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას ჩასწვდა და გონებას ღვთის სამსახურში იყენებს. რა ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებას საიქიო სამზადისს უძღვნის! .

 

Comment here