სათაურებიხუტბა

განსაცდელის ჟამს სულიერებისგან მიღებული დახმარება

ძვირფასო მორწმუნენო!
აღნიშნულ აიათში უზენაესი ბრძანებს:

„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ეძიეთ შველა მოთმინებასა და ლოცვაში, უეჭველად, ალლაჰი მომთმენებთან ერთადაა“. (ბაყარა  2/ 153)

რაც შეეხება ჰადისს, შუამავალი ასე გვმოძღვრავს:

„ვისაც სურს, რომ განსაცდელის ჟამს მისი ვედრება მიღებულ იქნას, დალხინების ჟამს ბევრი ვედრება აღავლინოს“. (იხ. თირმიზი, „დეავათ“ 9)

ძვირფასო მორწმუნენო!
ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ შევხვდებით განსაცდელს. როგორიც არ უნდა იყოს მოვლენილი განსაცდელი, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს მისი გაძლება, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ის მაინც ჩვენი ამქვეყნიური გამოცდის ნაწილია. ის დროს, რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვეძახით, ამქვეყნიური გამოცდისათვის მოცემული პერიოდია. აქ კი მნიშვნელოოვანია ეს დრო რწმენითა და კეთილი საქმეებით გავატაროთ. თავს დამტყდარ განსაცდელს კი სწორი რეაქციით უნდა შევხვდეთ. წმინდა აითის მიხედვით ღმერთი ბრძანებს:

„და,  უეჭველად, ჩვენ გცდით თქვენ ცოტა შიშითა და შიმშილით, ქონების, სულთა და ნაყოფთა ნაკლებობით. და შენ ახარე მომთმენთ“, (ბაყარა 2/ 155)

ძვირფასო მორწმუნენო!
როგორც დალხინებისას, ისე განსაცდელის ჟამსაც ღვთისადმი სიყვარული უნდა გავაძლიეროთ და მისდამი უსაზღვრო ნდობა გამოვავლინოთ. რთული გამოცდის წინაშე მყოფებმა ჩვენი უპირველესი მოვალეობა არ უნდა დავივიწყოთ. ჩვენი მოვალეობა რწმენა და ღვთისადმი მინდობაა. განსაცელის საწინააღმდეგოდ ჯერ ყოველგვარი პრევენციული მოქმედებები უნდა ვცადოთ, თადარიგი და სიფრთხილე გამოვიჩინოთ, შედეგს კი ღმერთისგან უნდა დაველოდოთ. მოვლენებს გონიერებით უნდა მივუდგეთ. ამ დროს დაუშვებელია უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა.

ძვირფასო ძმებო!
 მუსლიმი, თავისი გონიერებით, მოვლენების მიზეზებს განჭვრეტს, შემდეგ კი რწმენით, ცოდნით, გონებითა და გამოცდილებით ყოველგვარ თადარიგს დაიჭერს, საბოლოოდ კი შედეგს ღვთისგან დაელოდება. მორწმუნე ღვთიური ნების უპირობო მორჩილია. ის განსაცდელს არა პროტესტითა და ამბოხებით, არამედ ღვთისადმი მინდობითა და მოთმინებით ხვდება. ამ გზით ის სძლევს შიშსა და უიმედობას და ღმერთის უზეანეს ნებას მიეკედლება. მორწმუნემ იცის, რომ ყველაზე საიმედო თავშესაფარი თავად ღმერთია. ის ღვთისადმი რწმენას და იმედს ერთი წამითაც არ დაკარგავს. სწორედ ეს რწმენა და იმედი აძლიერებს მორწმუნეს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰადისი მიხედვით ძვირფასი შუამავალი ბრძანებს:

„რა სასიამოვნოა მორწმუნის მდგომარეობა! ყოველი მდგომარეობა მისთვის სასარგებლოა. ეს მხოლოდ მორწმუნეთა ხვედრია. თუ მას რაიმე სასიხარულო შეემთხვევა, მადლიერებას გამოხატავს და მისთვის ეს სასარგებლოა. თუ რაიმე განსაცდელი შეხვდება, მოითმენს და ესეც მისთვის სასარგებლოა“. (იხ. მუსლიმ, „ზუჰდ“ 64)

ამრიგად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მორწმუნე ადამიანს ღვთისადმი მინდობით, იმედით, მონდომებითა და ურთიერთდახმარებით ყოველგვარი განსაცდელის დაძლევა შეუძლია. ჩვენ, ჩვენს ირგვლივ განხორციელებული ყოველი მოვლენა ცხოვრების მაგალითად უნდა ვაქციოთ. ყოველი ნაბიჯი პასუხისმგებლობის გააზრებით უნდა გადავდგათ.  ასევე მნიშვნელოვანია ვიყოთ თვითკრიტიკულები. ვალდებულებები პირნათლად უნდა შევასრულოთ. როგორც აღვნიშნეთ, ამქვეყნიური ცხოვრება გამოცდაა და ეს გამოცდა უნდა გავიაროთ. ამ გამოცდას რომ გავუძლოთ, ღვთისმსახურებით, ვედრებით, ფიქრითა და ღვთური ნების მიმართ უპირობო მინდობით უნდა ვიცხოვროთ.     

Comment here