სათაურებიხუტბა

ალკოჰოლური სასმელები: საწამლავი, რომელიც ბოროტების მეგობარია

ძვირფასო მუსლიმებო!
ისლამი გვიწესებს წესებს, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას, გონებას, ქონებას, რწმენასა და შთამომავლობას იცავს. ისლამი გვიბრძანებს, რომ ამ ძირითად ღრებულებებს გავუფრთხილდეთ. ისლამი კრძალავს ყველა იმ მავნე ჩვევას, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, გონებრივ წონასწორობას არღვევს, ზედმეტ ხარჯებში გვაგდებს და ოჯახურ სიმშვიდეს აზიანებს. სწორედ აქედან გამომდინარე ალკოჰოლური სასმელების მიღება სასტიკად აკრძალულია.  ერთ-ერთი ჰადისის მიხედვით შუამავალი ბრძანებს: „ყველაფერი, რაც ათრობს, არამია“ (იხ. მუსლიმ, „ეშრიბე“ 74)

ძვირფასო მორწმუნენო!
ალკოჰოლური სასმელები ადამიანის სულს, სხეულსა და გონებას აზიანებს. გარდა ამისა, ის ადამიანს ზედმეტ ხარჯში აგდებს და იმის მაგივრად, რომ ადამიანმა ალალი სარჩოს მოსაპოვებლად დახარჯოს, არამისთვის ხარჯავს. ალკოჰოლის მიზეზით ოჯახურ მყუდროებასა და ბედნიერებას, ბავშვების მომავალს საფრთხე ექმნება. ალკოჰოლის მოხმარებისას სიკეთის კარები იხურება და ბოროტების კარები იხსნება. სიმთვრალე ასევე საფრთხეს უქმნის მეგობრობას და სამაგიეროდ მტრების შეძენას უწყობს ხელს. გარდა ამისა, სიმთვრალის მიზეზით წლის განმავლობაში მრავალი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და მრავალი ადამიანი იღუპება.

ამ სახიფათო ჩვევის შესახებ ღმერთი ყურანის აიათით გვაფრთხილებს:

„უეჭველად, ეშმაკს სურს მტრობისა და სიძულვილის ჩამოგდება  თქვენს შორის ალკოჰოლური სასმელითა და აზარტული თამაშებით. ამით უნდა მოგაცდინოს თქვენ ალლაჰის ხსენებასა და ლოცვას. უკვე თავი ანებეთ არა[1]?!“ (მაიდე 5/91)

ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით, ჩვენი გონება და უნარები ისეთ საქმეებში გამოვიყენოთ, რომლებიც ალალია და გამჩენის კმაყოფილების მოპოვების მიზეზი გახდება. ვიყოთ ისეთი მუსლიმები, რომლებიც რწმენით, იმედით, ღირსებითა და პატიოსნებით სავსე ცხოვრებას ეწევიან. ნუ დავუშვებთ, რომ ალკოჰოლური სასმელების მსგავსი მავნე ჩვევების მონები გავხდეთ და ამით უიმედობას, ბოროტებასა და ცოდვას გზა გავუხსნათ. მოდით ერთად ავაშენოთ ისეთი მომავალი, რომელიც ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სიმშვიდეს მოგვიტანს.  

[1]   თავი გაანებეთ, არ მიეკაროთ ალკოჰოლურ სასმელებსა და აზარტულ თამაშებს.

 

Comment here