სათაურები

ალალი შრომითა და ოფლით მოპოვებული სარჩო

 

ძვირფასო მუსლიმებო!

ერთ-ერთი მედინელი მუსლიმი ხშირად მიდიოდა შუამავალთან და დახმარებას სთხოვდა. შუამავალიც ყოველ ჯერზე ეხმარებოდა. ერთ დღეს ეს კაცი ისევ ეახლა შუამავალს. ამ კაცს სახლში ერთი ნაჭრის გადასაფარებელი და ერთი ჭიქა ჰქონდა, სხვა არაფერი. შუამავალმა უთხრა ორივე ნივთი მოეტანა. როდესაც კაცმა ეს ორივე ნივთი მოიტანა, შუამავალმა იქ მყოფებს უთხრა, რომ ორივეს ორ დირჰემად ყიდდა. მყიდველი გამოჩნდა და ორივე ნივთი გაიყიდა. შუამავალი კაცს მიუბრუნდა და დაარიგა: „ამ ორი დირჰემიდან ერთით საჭმელი იყიდე და სახლში წაიღე, მეორეთი კი ცული შეიძინე, შეშა მოაგროვე და ბაზარში გაყიდე“.

ღარიბმა კაცმა შუამავლის რჩევა გაითვალისწინა და შეშის გაყიდვას მიჰყო ხელი. მოგებული ფულით ოჯახისთვის ტანისამოსსაც ყიდულობდა და საკვებსაც. ის უკვე ფეხზე მყარად იდგა და საკუთარ ოჯახს თავად არჩენდა. შუამავალმა მისი ეს მდგომარეობა რომ დაინახა, ბრძანა: „უმჯობესია ამგვარად იმუშაო და სარჩო თავად მოიპოვო, ვიდრე სხვებზე დამოკიდებული იყო და განკითხვის დღეს ამგვარი წარსულით წარსდგე“ (იხ. ებუ დავუდ, „ზექათ“ 26).

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენი სარწმუნოება სიზარმაცეს, უპასუხიმგებლობასა და უშრომლად შემოსავლის მიღებას გმობს. ყოველი ადამიანი უნდა შრომობდეს და მხოლოდ ალალი შრომით ნაშოვნი შემოსავალი უნდა მიიღოს. შუამავალი ბრძანებს: „არავის რგებია საკუთარი ხელით ნაშრომზე უკეთესი რამ“.  (იხ. ბუჰარი, „ბუიუ“ 15).

ძვირფასო მუსლიმებო!

ისლამი პატიოსანი შრომით მიღებული შემოსავლის მიღებას გვასწავლის. ისლამი ასევე კატეგორიულად კრძალავს არამი და არალეგიტიმური გზებით ფულის შოვნის მცდელობას. ჭამა, სმა, ჩაცმა, ვაჭრობა და სხვა ნებისმიერი საქმიანობა მოქცეულია ერთი საერთო პრინციპის ფარგლებში და პატიოსნებას ეფუძნება. ალალი და არამი ღმერთის მიერ დადგენილი საზღვრებია. ამ საზღვრების დაცვის გზით, ადამიანი, როგორც ამქვეყნად, ისე საიქიოშიც სიმშვიდეს და ბედნიერებას ეზიარება. 

ჩვენი სარმწუნოება კრძალავს შემოსავლის მიღების ყველა იმ გზას, რომლებიც  ეწინააღმდეგება კანონს, მორალს, აზიანებს საზოგადოებას და ზოგადად მავნებლურია. ერთხელ, როდესაც შუამავალი მედინას ბაზარში იმყოფებოდა ხორბლის გამყიდველთან მივიდა, ტომარა შეუმოწმა და ნახა, რომ ტომარაში ზევიდან მშრალი ხორბალი იყო, ხოლო ქვეშ კი- სველი. შუამავალმა  გამყიდველი მკაცრად გააფრთხილა:  „სველი ხორბალი ზევიდან უნდა გქონოდა, რათა ადამიანებს დაენახათ. ვინც გვატყუებს, ჩვენიანი არ არის!“. (იხ. მუსლიმ, „იმან“ 164).

ძვირფასო მორწმუნენო!

ყურანში ნაბრძანებია:

და ჭამეთ რაც რამ გიბოძათ ალლაჰმა ნებადართული და საამო. გეშინოდეთ ალლაჰისა, რომლისაცა მოწამენი ხართ თქვენ!“ (მაიდე 5/88)

 

მორწმუნე ადამიანი მთელი არსებით გამჩენთანაა დაკავშირებული და მის ბრძანებებს უყოყმანოდ ასრულებს. ის ასევე ითვალისწინებს აკრძალვებს და შესაბამისად შემოსავლებსაც პატიოსანი გზებით იღებს. მორწმუნე ადამიანი გრძნობს პასუხიმგებლობას და შესაბამისად იქცევა. მან იცის, რომ ალალი შრომა უფრო მეტი ბარაქის მომტანია და ალალით დაკმაყოფილება კი სააქაო და საიქიო ბედნიერების საწინდარია.

ძვირფასო მუსლიმებო!

სამწუხაროდ დღეს მიიჩნევა, რომ მოკლე გზებით და უშრომლად შემოსავლების მიღება წარმატებაა. არადა სხვათა უფლებების დარღვევით სხვისი ნაშრომის მითვისება, სხვა ადამიანების ხარჯზე გამდიდრება კატეგორიულად მიუღებელია. მორწმუნე ადამიანს პატიოსანი შრომა და ალალი ლუკმის მოპოვება შეჰფერის. შრომა მორწმუნის ხვედრია, ხოლო სარჩოს ღმერთი გვწყალობს. ღმერთი პატიოსანი შრომის ფასს არავის დაუკარგავს.

ძვირფასო მორწმუნენო!

შუამავალი ბრძანებს: „ადამიანებო, გეშინოდეთ ღვთისა და სარჩო სწორი გზით მოიპოვეთ. ღვთის მიერ დადგენილი სარჩოს მიღების გარეშე არავინ გარდაიცვლება. ასე რომ, გეშინოდეთ ღვთისა და სარჩო სწორი გზით მოიპოვეთ. აიღეთ, რაც ალალია, ხოლო არამი განაგდეთ“. (იხ. იბნ მაჯე, „თიჯარეთ“ 2)

მოდით, შუამავლის ამ რჩევას მივყვეთ და მხოლოდ ალალი სარჩო ვისურვოთ. ალალი გზებით მოვიპოვოთ და ასევე ალალი გზებით დავხარჯოთ. დავიცვათ ზომიერება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალალი ლუკმა ჩვენს ოჯახებში სიმშვიდეს, ბედნიერებას და ბარაქას დაამკვიდრებს. 

Comment here