სათაურებიხუტბა

ადამიანი, რწმენა და სიცოცხლე

ძვირფასო მუსლიმებო!

ჩემს მიერ წაკითხულ აიათში უზენაესი ბრძანებს:

„უეჭველად, ჩვენ  ადამიანი „საუკეთესო ფორმად“ გავაჩინეთ!

მერე კი ვაქციეთ იგი  უმდაბლეს საფეხურზე!

გარდა იმათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი.  მათთვისაა ჯილდო ულევი!“ (თინ 95/4-6)               

ჰადისში კი შუამავალი ბრძანებს: „რწმენის სიტკბოებას ის ადამიანი ჩასწვდება, რომელიც ალლაჰს გამჩენად, ისლამს სარწმუნოებად და შუამავლად მუჰამმედს გულწრფელად აღიარებს“. (მუსლიმ, „იმან“ 56)

ძვირფასო მორწმუნენო!

ცისა და დედამიწის ერთადერთი პატრონი ღმერთია, რომელმაც ადამიანი საუკეთესო ფორმით გააჩინა. ამასთანავე ღმერთმა ადამიანს უწყალობა გონება, რომლის მეშვეობითაც ის ჭეშმარიტებისა და მცდარის განსხვავებას შეძლებდა და ასევე უწყალობა სინდისი, რომელიც სიკეთის გზაზე მეგზურობას გაუწევდა. შესაბამისად ადამიანი აღჭურვილია შესაძლებლობებით, ცოდნით, თავისუფალი ნებითა და პასუხისმგებლობით.

 ღმერთმა ადამიანი გააჩინა, კვებავს მას და იცავს, სამაგიეროდ კი მისგან რწმენა და კეთილი საქმენი სურს. ადამიანის გაჩენის საბაბი კი ის არის, რომ მან უნდა იტვირთოს ღვთის მონის მოვალეობა და ამქვეყნად მშვიდობიანი და სამართლიანი გარემოს შექმნას უნდა შეუწყოს ხელი.

ძვირფასო მუსლიმებო!

ადამიანი მაღალი თვისებებით, შესაძლებლობებითა და უნარებითაა დაჯილდოებული. მათი მეოხებით ადამიანს შეუძლია სიკეთის გზა აირჩიოს და ცხოვრება შესაბამისად წარმართოს, მაგრამ თუ ის ბოროტებას განიზრახავს და ამ გზას დაადგება, მას შეუძლია დედამიწაზე ბოროტება დათესოს. ადამიანს შეუძლია შექმნას ბედნიერი გარემო, სადაც მოთმინება, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, სიკეთე და შემწყნარებლობა იქნება და ასევე შეუძლია ჩამოაყალიბოს ისეთი გარემო, სადაც ბოროტება, შუღლი, გაუტანლობა და სიძულვილი იქნება გავრცელებული. ამ უკანასკნელი გზით ადამიანი როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებსაც საფრთხეში ჩააგდებს.

ამის გამოა, რომ ღმერთს ადამიანი არასოდეს მიუტოვებია. მან შექმნა სამყარო და მუდმივად აკონტროლებს მას. ის მუდმივად გვაძლევს სარჩოს და გვეხმარება. ის ყველაზე ახლოსაა ჩვენთან. ყველაზე დიდი თანადგომა კი შუამავლებისა და წმინდა წიგნების მოვლინებით გამოხატა.

ძვირფასო მორწმუნენო!

ღმერთმა ადამიანებს მოუვლინა ცხოვრების გზამკვლევი, გადარჩენის შესაძლებლობებით სავსე ცხოვრების წესი, რომელსაც სარწმუნოება ეწოდება. ეს არის ღვთიური კანონი, რომელიც ღმერთმა შუამავლის საშუალებით გაგვაცნო. სარწმუნოება პირველი ადამიანის გაჩენიდანვე არსებობს და უკანასკნელ დღემდე იარსებებს. ამ ჯუმა დღეს, ამ სალოცავში შეკრებილმა მორწმუნეებმა, ყველამ ვიცით, რომ ღვთის წინაშე სარწმუნოება ისლამია. განკითხვის დღემდე, მთელი კაცობრიობა ვალდებულია დაუჯეროს შუამავლის მოწოდებას და მისი მიმდევარი გახდეს. ღმერთი ბრძანებს: „და ვინც ეძიებს სხვა სარწმუნოებას, გარდა ისლამისა, მისგან არ მიიღება (ღმერთის წინაშე) იგი (სარწმუნოება), და ის იქნება საიქიოში წაგებულთა შორის“. (იხ. ალი იმრან, 3/85)

სარწმუნოება სწორად ცხოვრების გზაზე ყველაზე ჯანსაღი ცოდნის წყაროა, რომელიც ადამიანის ყველა პრობლემასა და შეკითხვას პასუხს სცემს. სარწმუნოების მოწოდებას ვინც დაემორჩილება და იწამებს, ცხოვრებაში ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის უკვე მუსლიმია და ღირსეული ადამიანი. ის თავისი ნებით აღიარებს რწმენის პირობებს და ღვთისადმი მორჩილების გზას ადგას. მორწმუნე ადამიანი ითვალისწინებს და ასრულებს ღვთის მიერ დადგენილ ბრძანებებს. ის ასრულებს რწმენის მოთხოვნებსა და მორწმუნეობრივი ცხოვრებით ცხოვრობს.

ძვირფასო მუსლიმებო!

ისლამი უბადლო რწმენისა და ზნეობის მომცველი სარწმუნოებაა.

ადამიანი შაჰადას წარმოთქმით ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერების კარებს აღებს. ამ კარებს ვინც შეაღებს, მთელი გულწრფელობითა და წესების დაცვით აღასრულებს ღვთისმსახურებას. ნამაზი სარწმუნოების დედაბოძია. ის ჩვენი გულის სინათლეა. მორწმუნე ადამიანი ასევე მთელი გულწრფელობით მარხულობს. მარხვა ეშმაკისეული ცდუნებებისგან გვიცავს. მორწმუნე ადამიანი გასცემს ზექათს. ზექათის დროს ადამიანი ამქვეყნიური, დროებითი, მატერიალური ფასეულობის გაცემით საიქიოში სამარადისო სიკეთეს მოიმკის. მორწმუნე ადამიანი ასრულებს ჰაჯს. ეს არის წმინდა მოგზაურობა, რომლის დროსაც მრავალი მორწმუნის გული ერთიანდება და ღვთისადმი მინდობას გამოხატავს.

Comment here